"არსებითად იმის გაფართოება, რაც ეწერა ბუქარესტის სამიტის კომუნიკეში მოსალოდნელი არ იყო", - ეს განცხადება ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ NATO-ს ვილნიუსის სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებული კომუნიკეს ტექსტი შეესაბამება მოლოდინს, რომელიც ჰქონდათ.
კობახიძის თქმით, სამიტის შემდეგ გამოქვეყნებული კომუნიკეს მიხედვით საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებით "სტატუს კვო ძალაში დარჩა". ის აცხადებს, რომ მიუხედავად რაოდენობრივი განსხვავებისა, როგორც საქართველოსთან, ასევე უკრაინასთან მიმართებით ხარისხობრივი განსხვავება არაა.
"რეალურად, ძალაში დარჩა სტატუს კვო ორივე ქვეყანასთან მიმართებით. რაოდენობრივად, ტექსტი მეტია დოკუმენტში უკრაინასთან მიმართებით, მაგრამ ხარისხობრივად განსხვავება არ არის. შენარჩუნდა სტატუს კვო, რაც არის რუსეთის მიმართ პრაგმატული პოლიტიკის შედეგი. კონკრეტული ჩანაწერიც არის მოცემული ამ კომუნიკეში რუსეთთან დაკავშირებით წერია პირდაპირ, რომ ნატო არ ეძებს კონფრონტაციას რუსეთთან, პარტნიორული ურთიერთობები ვერ ექნება უკრაინაში ომის შემდეგ, მაგრამ კონფრონტაციასაც არ ეძებს და ა.შ. ეს არის რეალური მოცემულობა. რაც შეეხება საქართველოსთან დაკავშირებულ ჩანაწერს, ძალაში დარჩა დაპირება, რომელიც ჩაიდო თავის დროზე, ბუქარესტის სამიტის კომუნიკეში, რომ საქართველო გახდება სამომავლოდ წევრი, გაურკვეველია დეტალები, როდის, როგორ და იგივე ეხება რეალურად უკრაინასაც", - განაცხადა კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
მმართველი გუნდის თავმჯდომარე ამბობს, რომ "დღესაც არავინ იცის, როგორ და როდის გახდება უკრაინა NATO-ს წევრი და ანალოგიური ვითარებაა საქართველოსთან მიმართებაშიც".
"პირობები უნდა დააკმაყოფილოს უკრაინამ და 32 ქვეყანა უნდა შეთანხმდეს, რომ სურთ მოიწვიონ უკრაინა NATO-ს წევრად. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ტექსტობრივი კუთხით არის განსხვავება ჩვენთან დაკავშირებულ და უკრაინასთან დაკავშირებულ ჩანაწერს შორის, მაგრამ ხარისხობრივად და არსებითად არაფერი შეცვლილა, ყველაფერი არის ისევ და ისევ აბსტრაქტულად ჩამოყალიბებული. დღესაც არავინ იცის, როგორ და როდის გახდება უკრაინა NATO-ს წევრი, ანალოგიური ვითარებაა საქართველოსთან მიმართებაშიც. მოლოდინი მეტი იყო, ნახეთ ზელენსკის განცხადებაც, მოსახლეობაშიც ალბათ მეტის მოლოდინი არსებობდა, იგივე მოწვევასთან დაკავშირებით, ძლიერ ჩანაწერს ელოდებოდნენ, მაგრამ სამწუხარო რეალობა ესაა, რომ კვლავაც ბუნდოვანია პერსპექტივა, რომელიც დაკავშირებულია უკრაინის წევრობასთან NATO-ში", - აცხადებს კობახიძე.
NATO-ს ვილნიუსის სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა კომუნიკე, რომელშიც საუბარია როგორც უკრაინაზე, ასევე საქართველოზე.
საქართველო გახდება NATO-ს წევრი MAP-ით, წინსვლისთვის საჭიროა პროგრესი რეფორმებში - კომუნიკე
NATO-ს წევრობა MAP-ის გარეშე, პირობები წევრობისთვის, დახმარების პაკეტი - კომუნიკე უკრაინაზე