ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სახალხო დამცველის არჩევის მსგავსად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების არჩევის დროს ოპოზიცია მხარს "უცხოელ აგენტებს" უჭერდა.
კობახიძის მტკიცებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით "რადიკალური ოპოზიციის მხრიდან იყო კონსულტაციების იმიტაცია და არა რეალური კონსულტაციები".
"კონსულტაციები წარმოებდა ამ პერიოდის განმავლობაში, მათ შორის სხდომათა დარბაზშიც კი. ჩვენ ვიყავით ძალიან გახსნილი, რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, მას ჰქონდა კონსულტაციების იმიტაცია, გამომდინარე იქიდან, რომ მათ არ ჰქონდათ მხარდაჭერის არავითარი მზაობა. ერთადერთი, ვისაც ისინი უჭერდნენ მხარს სახალხო დამცველის არჩევის დროს, ესენი იყვნენ უცხოელი აგენტები, რამდენიმე ასეთი კანდიდატი იყო, მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ჩვენ უცხოელ აგენტს არ ავირჩევდით სახალხო დამცველად და ასევე, როდესაც საქმე ეხება იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევას, მხოლოდ უცხოელ აგენტებს უჭერდნენ მხარს. ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ჩვენ არცერთ უცხოელ აგენტს არ ავირჩევდით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, აქედან გამომდინარე, ეს იყო მათი მხრიდან კონსულტაციის იმიტაცია და არა რეალურად კონსულტაცია", - თქვა კობახიძემ.
ამასთან, კობახიძემ ოპოზიციის წევრები კოლეგების მხრიდან "ბულინგში" დაადანაშაულა და თქვა, რომ "ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და მათი ხელწერა ლიბერალური ფაშიზმია".
"ოპოზიციას ჰქონდა პრინციპულად განსხვავებული დამოკიდებულება საკითხისადმი. ისინი არ უჭერდნენ მხარს არცერთ კანდიდატს, გამონაკლისი იყო, როგორც მოგეხსენებათ 5 დეპუტატი ოპოზიციიდან, მათი გვარებიც დასახელდა, რომლებმაც დაუჭირეს მხარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს და ამის შემდეგ, როგორც ცნობილი იყო ჩვენთვის, მათაც ამოძრავებდათ იგივე ინტერესი - კანდიდატის სტატუსის მიღება, თუმცა ამის შემდეგ ჩაერთო მთელი ბულინგის კამპანია. საინტერესოა, ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ როდესაც ლევან იოსელიანი აირჩა სახალხო დამცველის თანამდებობაზე, იმ დეპუტატების მხრიდან, რომლებიც მას ხმას აძლევდნენ ოპოზიციიდან, წარმოებდა ბულინგი, რაც იყო ასეთი ფორმით გაცხადებული, გუშინ გახდა აბსოლუტურად საჯარო, მთელი საზოგადოებისთვის ცნობილი. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს რადიკალური ოპოზიციის სახეს - ერთი, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს ქვეყანამ და მეორე - ბულინგი, ლიბერალური ფაშიზმი არის მათი ხელწერა, ეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ გუშინ, როგორც ვიცი, გრძელდება დღესაც", - თქვა კობახიძემ.
17 მაისს, პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არამოსამართლე წევრის 5 ვაკანტურ თანამდებობაზე 3 ახალი წევრი აირჩიეს - ტრისტან ბენაშვილი (93 ხმა), გიორგი გზობავა (91 ხმა), ზურაბ გურასპაშვილი (93 ხმა). ამის შემდეგ ოპოზიციამ დარბაზი დატოვა და კენჭისყრა შეწყდა.
კანდიდატების მხარდაჭერილი ხმების რაოდენობა გახდა რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის უკმაყოფილების მიზეზი - 5-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ქართული ოცნების კანდიდატებს დაუჭირა მხარი. დეპუტატები ამბობდნენ, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი მმართველ გუნდს გაურიგდა.
კენჭისყრა ფარული იყო, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს დეპუტატები არიან: ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე და დილარ ხაბულიანი. იმავე დღეს ჩხეიძეებმა და მაჭუტაძემ ენმ-ს ფრაქცია დატოვეს.
ოპოზიციის მიერ პლენარულ სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის დარჩენილ 2 ვაკანტურ თანამდებობაზე არავინ შეირჩა. კენჭისყრის მეორე ტურში ოთხი კანდიდატი გადავიდა: რუსუდან კვინიკაძე, გოგა კიკალაშვილი, ლევან ნემსაძე და ნინო ნიშნიანიძე.