პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ჯეიმს ო'ბრაიენის მხრიდან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის სურვილი იყო, თუმცა ივანიშვილმა შეხვედრაზე უარი თქვა.
გარდა ამისა, კობახიძემ აღნიშნა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ივანიშვილთან შეხვედრას სხვა უცხოელი დიპლომატები და პოლიტიკოსებიც აპირებდნენ, თუმცა ოლიგარქი შეხვედრებზე უარს ამბობდა.
"რაც შეეხება კონკრეტულ ო'ბრაინის ვიზიტს - შემიძლია დაგიდასტუროთ რომ იყო თხოვნა ბიძინა ივანიშვილის მიმართ შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა უარით უპასუხა. ამას ჰქონდა თავის ახსნა და განმარტება. ასევე, იყო გასულ თვეებში შემთხვევები, როცა სხვა უცხოელ დიპლომატებს და პოლიტიკოსებსაც უთხრა უარი ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრასთან დაკავშირებით. ამაზე მაქვს ინფორმაცია, იქიდან გამომდინარე რომ მე მიწევდა გარკვეული საკითხების შეთანხმება", - თქვა კობახიძემ.
დღეს სამთავრობო პროპაგანდისტულმა მედიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო'ბრაიენს საქართველოში ბიძინა ივანიშვილის სანქცირების კონკრეტული პაკეტი ჩამოაქვს.