![საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე მოქალაქე დააკავეს](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/86ecad38-e565-4db4-a067-b6555dcac2aa.jpg)
ქართული ოცნების არალეგიტიმური პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მზია ამაღლობელის საკითხთან დაკავშირებით "ვერანაირ სინანულს ხედავს". მან ამის შესახებ მედიასთან ისაუბრა.
კობახიძემ ჟურნალისტის კითხვაზე შეხვდებოდა თუ არა ის ბათუმელების ჟურნალისტ ეთერ თურაძეს უპასუხა, რომ "სინანული იქნებოდა სახელმწიფოს მიმართ პატივისცემის გამოხატულება და ამის შემდეგ შეიძლება დაეწყო საუბარი ნებისმიერ თემაზე, მათ შორის შეხვედრებთან დაკავშირებით".
"მთავარი პრობლემა არის ის, რომ ვერ ვხედავთ ვერავითარ სინანულს, პოლიციელს გაარტყეს ხელი სახეში და 0 სინანული ამასთან დაკავშირებით. არც კონკრეტულად ბრალდებულის მხრიდან, არც მისი კოლეგების მხრიდან, ეს, არის რა თქმა უნდა, უკიდურესად შემაშფოთებელი, დანარჩენზე საზოგადოებამ უნდა გააკეთოს თავისი შეფასება. რაც შეეხება შეხვედრას, მე ველოდი რომ გარკვეული სინანული დაედებოდა ფონად იმ ინიციატივას, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ კონკრეტული ადამიანების მხრიდან, თუმცა, არავითარი სინანული.
მათ უნდათ სამართლებრივი საკითხების გარჩევა. აპირებდნენ ადვოკატთან ერთად მოსვლას, სამართლებრივი საკითხები ჩემთან ვერ გაირჩევა, მე არ ვარ არც პროკურორი, არც მოსამართლე, სამართლებრივი საკითხები უნდა გაირჩეს პროკურატურაში და სასამართლოში, ეს არის შესაბამისი უწყებები, თუ ვინმეს უნდა გამოხატოს სინანული, რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, ეს იქნებოდა სახელმწიფოს მიმართ პატივისცემის გამოხატულება და ამის შემდეგ შეიძლება დავიწყოთ საუბარი ნებისმიერ თემაზე, მათ შორის შეხვედრებთან დაკავშირებით და ა.შ", - თქვა კობახიძემ.