კობახიძე მე-8 დღეა მოძალადე ძალოვნებს მადლობას უხდის და ამბობს, რომ მათი რესურსი ამოუწურავია

კობახიძე მე-8 დღეა მოძალადე ძალოვნებს მადლობას უხდის და ამბობს, რომ მათი რესურსი ამოუწურავია

ირაკლი კობახიძე მე-8 დღეა მადლობას უხდის მოძალადე ძალოვანებს, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებიან საპროტესტო აქციის მონაწილეებს. ამის შესახებ მან ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ის ირწმუნება, რომ შსს-ს რეაგირების რესურსი "ამოუწურავია" და კვლავ "რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ნაცმაიდნის მოწყობის მცდელობის" კონსპირაციაზე საუბრობს.

"იცით, რომ რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა საქართველოში მაიდნის, ნაცმაიდნის მოწყობის მცდელობა, მეტიც, მათ მოაწყვეს ერთგვარი ომის იმიტაცია, თუმცა ნახეთ, რომ ეს ომის იმიტაცია დასრულდა წარუმატებლად და ჩავარდა ნაცმაიდნის მოწყობის მორიგი მცდელობა ჩვენს ქვეყანაში. გასული 4 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში იყო მაიდნის მოწყობის 4 მცდელობა, თუმცა ოთხივე ამ მცდელობას სახელმწიფომ წარმატებით უპასუხა.

კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო მადლობა პირველ რიგში შინაგან საქმეთა სამინისტროს, პირადად მინისტრს, განსაკუთრებულ დავალება დეპარტამენტს, თითოეულ პოლიციელს, სწორედ მათი დამსახურებაა, რომ სახელმწიფომ პროპორციულად და სათანადოდ უპასუხა მაიდნის მორიგ მცდელობას. [...] ჩვენ ხუთ დღეში გავანეიტრალეთ მომიტინგეების ძალადობის რესურსი, რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს რესურსს - შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირების რესურსი რევოლუციის მცდელობებზე არის სრულიად ამოუწურავი", - ამბობს ის.