სამი თვე არის დარჩენილი არჩევნებამდე. სიის წარდგენამდე დარჩენილია ორი თვე და ტრადიციულად, ბოლო დღეს შეაქვთ ხოლმე პოლიტიკურ პარტიებს სიები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში - ჩვენც ასე ვიმოქმედებთ - სია შევა იურიდიულად გათვალისწინებულ ბოლო დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, თუმცა მანამდე სიის გარკვეული ნაწილი, ალბათ, საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი.
სიას ადგენს პარტიის პოლიტიკური საბჭო, როგორც ეს არის გათვალისწინებული პარტიის წესდებით. როგორ შედგება ეს სია, ვინ რა ნომერზე იქნება წარდგენილი, ამას გადაწყვეტს პოლიტსაბჭო. ვიდრე არ მიიღებს პოლიტსაბჭო გადაწყვეტილებას, ჩვენ ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებთ
რაც შეეხება რეგიონებში გასვლას, ჩვენ ალბათ აგვისტოს დასაწყისიდან გავალთ რეგიონებში, გვექნება შეხვედრები მოსახლეობასთან. სხვადასხვა ფორმატში გაიმართება ეს შეხვედრები. წინასაარჩევნო პერიოდი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო მჭიდრო, უშუალო კომუნიკაცია ჰქონდეთ ჩვენს წარმომადგენლებს მოსახლეობასთან და ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად გამოვიყენებთ.
ჩვენი მთავარი დაპირება არის ჩვენი საარჩევნო სლოგანი - ჩვენ ღირსებით გავაგრძელებთ ევროპისკენ სვლას, მიუხედავად სერიოზული წნეხისა, რომელიც გაგრძელდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
ამბობს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან.