ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გრიგორი კარასინის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ასეთ განცხადებებს "არ უღმავდება".
რუსეთის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა გამოცემა სპუტნიკთან თქვა, რომ რუსეთი "ყველაფერს აკეთებს, რომ ჩინეთმა, ინდოეთმა და კიდევ სხვა ქვეყნებმა გადადგან შემდგომი ნაბიჯი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების აღიარებისაკენ".
კობახიძე ფიქრობს, რომ მთავარი არა ეს განცხადებაა, არამედ "მათ მიერ წარმოებული წარმატებული არაღიარების პოლიტიკა".
"ასეთი განცხადებები ჩვენ მოგვისმენია, ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველო მთელი ამ წლების განმავლობაში წარმატებით ახორციელებს არაღიარების პოლიტიკას და სწორედ ჩვენი ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკის შედეგია ის, რომ არცერთი ერთეულით არ გაზრდილა იმ ქვეყნების რაოდენობა მთელი ამ წლების განმავლობაში, რომლებსაც აღიარებული აქვთ ე.წ დამოუკიდებლობა.
განცხადებების მიუხედავად, გავაგრძელებთ წარმატებული არაღიარების პოლიტიკის წარმოებას. ასეთი განცხადებები მოგვისმენია ჩვენ, მაგრამ ჩვენი პოლიტიკა არაღიარების კუთხით ყველაფრის მიუხედავად იყო წარმატებული. ეს იმათი საქმეა, მე არ ვუღრმავდები მათ განცხადებებს. მე ვუღრმავდები იმას, თუ როგორია ჩვენი არაღიარების პოლიტიკა და ეს პოლიტიკა არის ძალიან წარმატებული"- თქვა კობახიძემ.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რას ფიქრობს კარასინის განცხადებაში ჩინეთის ხსენებაზე, რომელთანაც ცოტა ხნის წინ ოცნებამ სტრატეგიული ურთიერთობები დაამყარა, რაზეც კობახიძემ თქვა:
"მე არ მინდა საერთოდ ამას ჩავუღრმავდე. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არის დიდი მიღწევა და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს ჩინეთთან ყველა მიმართულებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია წარმატებული არაღიარების პოლიტიკის წარმოება. ორივე მიმართულებით ვიქნებით ძალიან აქტიურები და ვერაფერი განცხადება ამაში ხელს ვერ შეგვიშლის"- თქვა კობახიძემ.