პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე სამთავრობო პროპაგანდისტული მედიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო'ბრაიენს საქართველოში ბიძინა ივანიშვილის სანქცირების კონკრეტული პაკეტი ჩამოაქვს.
კობახიძე ამბობს, რომ ო'ბრაიენის მხრიდან ნამდვილად იყო სურვილი შეხვედრაზე, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრაზე უარი თქვა. გარდა ამისა, კობახიძემ აღნიშნა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ივანიშვილთან შეხვედრას სხვა უცხოელი დიპლომატები და პოლიტიკოსებიც აპირებდნენ, თუმცა ოლიგარქი შეხვედრებზე უარს ამბობდა.
"თავად ბიძინა ივანიშვილის არ აინტერესებს ეს საკითხი, გამომდინარე იქიდან, რომ მიიჩნევს ამ საკითხს არასერიოზულად - ეს შემიძლია გითხრათ. რაც შეეხება კონკრეტულ ო'ბრაინის ვიზიტს - შემიძლია დაგიდასტუროთ რომ იყო თხოვნა ბიძინა ივანიშვილის მიმართ შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა უარით უპასუხა. ამას ჰქონდა თავის ახსნა და განმარტება.
ასევე, იყო გასულ თვეებში შემთხვევები, როცა სხვა უცხოელ დიპლომატებს და პოლიტიკოსებსაც უთხრა უარი ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრასთან დაკავშირებით. ამაზე მაქვს ინფორმაცია, იქიდან გამომდინარე რომ მე მიწევდა გარკვეული საკითხების შეთანხმება - მიზეზი ყოველთვის იყო იგივე, ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ ის ისედაც არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ. მას აქვს გაყინული 2 მილიარდი დოლარი, რომელიც მან დასავლეთს მიანდო, მაგრამ აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში.
აქედან გამომდინარე, შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს. როგორც კი დასრულდება შანტაჟი და დე ფაქტო სანქციები, ნებისმიერი შეხვედრა შეიძლება შედგეს", - თქვა კობახიძემ.
მანამდე კობახიძემ სამთავრობო მედიების მიერ გავრცელებულ იფნორმაციას "აბსოლუტურად არასერიოზული უწოდა".