ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს მთავრობას აქვს სრული უფლება, არ მისცეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა ბრიუსელში ვიზიტზე.
კობახიძის თქმით, მმართველ გუნდს ეშინია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი და მისი განცხადებები დააზიანებს სწრაფვას EU-ის სტატუსის მიღებისკენ. კობახიძის თქმით, "უმჯობესია, პრეზიდენტს არ ჰქონდეს ფართო ასპარეზი დამაზიანებელი განცხადებების გაკეთებისთვის".
"პრეზიდენტი არ უნდა სპეკულირებდეს. რა შუაშია რუსეთის მიერ ფრენების ცალმხრივად აღდგენა და რა შუაშია პრეზიდენტის ვიზიტი უცხო ქვეყანაში? ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი შედარება, სრულებით სპეკულაცია. ძალიან სამწუხაროა, როდესაც პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფი პირი ასე სპეკულირებს, უბრალოდ, დასანანია, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი. რაც შეეხება ვიზიტზე თანხმობის გაცემას, ეს არის მთავრობის ექსკლუზიური უფლება, თუ მთავრობას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი არ წაადგება საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას, ამ შემთხვევაში, მთავრობას აქვს კონსტიტუციით მინიჭებული სრული უფლება, პრეზიდენტს არ მისცეს თანხმობა ვიზიტზე.
ჩვენ გვეშინია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი და მისი განცხადებები დააზიანებს ჩვენს სწრაფვას კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ. მოისმინეთ პრეზიდენტის განცხადებები პარლამენტის შენობაში, როცა ჰქონდა მოხსენება და დამეთანხმებით, ეს განცხადებები პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს სურვილს მიიღოს კანდიდატის სტატუსი დეკემბერში. როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ პარლამენტი მხოლოდ ფორმალურად ასრულებს რეკომენდაციებს, არ იდგმება ნაბიჯები კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ეს არის დამაზიანებელი განცხადებები, რა თქმა უნდა, უმჯობესია, რომ პრეზიდენტს არ ჰქონდეს ფართო ასპარეზი ასეთი დამაზიანებელი განცხადებების გაკეთების დროს იმისათვის, რომ არ დაზიანდეს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესი. დანარჩენი მთავრობის პრეროგატივაა, მიანიჭებს თუ არა პრეზიდენტს უფლებას, გაემგზავროს რომელიმე სხვა ქვეყანაში", - ამბობს კობახიძე.
პრეზიდენტ ზურაბიშვილის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობას ნებართვა ისევ არ გაუცია - ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს და მიუთითებს, რომ მათ მთავრობას 27 აპრილს მიმართეს.
"15 მაისს ძალში შევიდა პუტინის განკარგულება პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ. 15 მაისსვე საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ გასცა თანხმობა. 27 აპრილს მთავრობამ მიიღო მიმართვა 31 მაისს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობას ამ დრომდე თანხმობა არ გაუცია", - აღნიშნულია ადმინისტრაციის განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტს 31 მაისს მიმართავს. ზურაბიშვილს ვიზიტი თავდაპირველად 18 აპრილს ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა გადაიდო. როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოგვიანებით განმარტა, ვიზიტის გადადების მიზეზი "მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესი" იყო.