პრემიერობის კანდიდატი, ირაკლი კობახიძე უკრაინის საელჩოს განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ საკითხის "პოლიტიზება არაფერ შუაშია".
"საფრთხეს უქმნიდნენ ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს. რა შუაშია პოლიტიზება? ქვეყნის უსაფრთხოებაც არის პოლიტიკური საკითხი, მაგრამ პოლიტიზება არაფერ შუაშია. ელჩი რომ ჰყოლოდა უკრაინას საქართველოში, ასეთ განცხადებას, ალბათ, არ გააკეთებდნენ", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, როდესაც ქვეყნის შიგნით და გარეთ ცდილობენ, საქართველო აქციონ რუსეთის აგრესიის სამიზნედ, "შემაშფოთებელია".
"ამით დასტურდება პრინციპში ის, რასაც ამბობდნენ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, მათ სურდათ და ალბათ დღესაც სურთ ჩვენ ქვეყანაში გაიხსნას მეორე ფრონტი. ისეთი ფაქტები რაც ვიხილეთ, რაც გამომჟღავნდა არის სუს-ის მხრიდან მორიგი დადასტურება", - თქვა კობახიძემ.
უკრაინის საელჩო აცხადებს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე გავრცელებულ ინფორმაციას ამოწმებს და არკვევს ყველა გარემოებას. გარდა ამისა, საელჩო იმედოვნებს, რომ ქართული მხარე ამ საქმის პოლიტიზებისგან თავს შეიკავებს.
5 თებერვალს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაიმართა ბრიფინგი, რომელზეც თქვეს, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქართველოში რამდენიმე ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღეს. კერძოდ, საუბარია 6 ასაფეთქებელ მოწყობილობასა და 14 კილოგრამამდე ასაფეთქებელ ნივთიერებაზე.
სუს-ში აცხადებენ, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები და ნივთიერება საქართველოში 19 იანვარს, უკრაინის ქალაქ ოდესიდან - რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის გავლით, საბაჟო პუნქტ სარფიდან შემოიტანეს და მისი გატანა რუსეთში, ქალაქ ვორონეჟში, საკონტროლო პუნქტ დარიალის მეშვეობით იგეგმებოდა.