კობახიძე ანაკლიაზე: ჩინური კომპანიის მიერ მოგება გარანტიაა - განხორციელდება უმაღლეს დონეზე

კობახიძე ანაკლიაზე: ჩინური კომპანიის მიერ მოგება გარანტიაა - განხორციელდება უმაღლეს დონეზე

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ჩინური კომპანია, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტში ჩაერთვება, "უდიდესი გამოცდილების" მქონეა.

კობახიძის მტკიცებითვე, ჩინური კომპანიის ჩართვა არის გარანტია იმისა, რომ პროექტი "განხორციელდება უმაღლეს დონეზე".

"უამრავი სპეკულაცია მოვისმინეთ ჩინურ კომპანიასთან დაკავშირებით. ამ დროს, ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური სახელმწიფო კომპანია, რომელსაც აქვს უდიდესი გამოცდილება, მათ შორის ამ ტიპის პროექტების განხორციელების გამოცდილება. შემოიტანეს ძალიან კარგი განაცხადი ამ პროექტის განვითარებაზე, შესაბამისად, ჩინური კომპანიის მიერ ამ ტენდერის მოგება იძლევა გარანტიას, რომ ანაკლიის პროექტი განხორციელდება უმაღლეს დონეზე"- თქვა კობახიძემ.

ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, როგორ შეაფასებდა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გამოხმაურებებს ამ თემაზე, რადგან ლელოს ლიდერები წარსულში ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წევრები იყვნენ.

კობახიძის თქმით, მათ "ვერც ერთხელ შეძლეს ინვესტორის მოზიდვა და ცდილობენ, პასუხისმგებლობა სხვაზე გადაიტანონ"

"სპეკულაციები არის უადგილო, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ვინც დაიყო სპეკულაციები, იღებს საგრანტო დაფინანსებას უცხოური საეჭვო წყაროებისგან და სწორედ ამითაა ნაკარნახევი ის ანტიჩინური კამპანია, რომელსაც შესაბამისი პოლიტიკოსები და ენჯეოები აწარმოებენ.

დაასახელონ ერთი ინვესტორი, რომლის მოზიდვაც მოახერხეს. ასეთ პირობებში, მათი მხრიდან საუბარი იმაზე, რომ ხელი შეეშალათ, არის სპეკულაცია. არათუ ხელი არ შეგვიშლია ჩვენ, ამ პროექტის განხორციელებისათვის კონსტიტუციაშიც კი ჩავუწერეთ ანაკლიის პროექტი იმისათვის,რომ გაადვილებოდათ ინვესტორის მოზიდვა, თუმცა კონსტიტუციური დათქმის პირობებშიც კი ვერ მოახერხეს ინვესტორის დაინტერესება. რატომ? იმიტომ, რომ მათ სინამდვილეში სავარაუდოდ ჰქონდათ კორუფციული ინტერესები და არა პორტის განვითარების ინტერესი"- თქვა კობახიძემ.

***

29 მაისს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტში წინადადება მხოლოდ ჩინურმა კომპანიამ წარადგინა. დავითაშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ 2, შვეიცარიულ-ლუქსემბურგულ და ჩინურ-სინგაპურულ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით წინადადებები 2024 წლის 20 მაისამდე უნდა წარედგინათ, რაც მისი თქმით, მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა განახორციელა.