კობახიძე აქციაზე ძალადობაზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას და NGO-ებს აკისრებს და იმუქრება

კობახიძე აქციაზე ძალადობაზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას და NGO-ებს აკისრებს და იმუქრება

პრემიერი ირაკლი კობახიძე ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ოპოზიციის ლიდერებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აკისრებს და მათ "კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებით" ემუქრება.

"ერთ მხარეს იყვნენ არაევროპულად მოქმედი ძალადობრივი დაჯგუფებები, მეორე მხარეს იყო ევროპულად და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედი პოლიცია, რაც არის ძალიან დასაფასებელი. ვწუხვართ, თითოეული დაშავებული პოლიციელის, მომიტინგის და ჟურნალისტის გამო. პასუხისმგებლობას ამ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე, რა თქმა უნდა, ვერ გაექცევიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ ძალადობას აორგანიზებდნენ, მაგრამ თავად ოფისებში იმალებოდნენ.

ასევე, ამავე დღეების განმავლობაში ოფისებში იმალებოდნენ მდიდარი NGO-ების ლიდერებიც, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ძალადობრივი ღონისძიებების მხარდაჭერაში, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სავარაუდოდ დაფინანსებული იყო მთელი რიგი აქტივობები, მათ შორის სპეციალური აღჭურვილობის შეძენა მდიდარი NGO-ების მიერ. რა თქმა უნდა, ოფისებში შემალული მდიდარი NGO-ების ლიდერებიც ვერ გაექცევიან კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში", - ამბობს ის.

ამასთან, დღევანდელ ბრიფინგზეც კობახიძემ აქციის ძალადობრივად დარბევის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრს, სამინისტროს თანამშრომლებს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა.

"მინდა შევაჯამო განვლილი ხუთი დღე, ჩავარდნილი ნაცმაიდნის ხუთდღიანი ციკლი - პირველ რიგში, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, პირადად შინაგან საქმეთა მინისტრს, მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დღეების განმავლობაში მოქმედებდა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით.

მოგეხსენებათ, პირველი ორი დღის განმავლობაში იყო სამწუხარო ინციდენტები, მას შემდეგ, მომდევნო 3 დღის განმავლობაში ყოველგვარი ინციდენტების გარეშე ჩატარდა შესაბამისი მოქმედებები და კიდევ ერთხელ - ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა შსს, მოქმედებდნენ პოლიციელები, კიდევ ერთხელ მადლობა მათ ამისთვის", - ამბობს ის.