პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციასთან შეხვედრას "მიზანშეწონილად" არ მიიჩნევს.
კობახიძე დელეგაციის წევრთა ნაწილს "საარჩევნო პრინციპების დარღვევაში" ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ მათი ვიზიტის "სულისკვეთება არ ემსახურება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს".
"თქვენ იცით, როგორია ჩვენი პოზიცია, ჩვენ თავი შევიკავეთ ამ ადამიანებთან შეხვედრისგან ერთი მარტივი მიზეზის გამო - ამ დელეგაციის წევრთა ნაწილი პირდაპირ იყო ჩართული საარჩევნო აგიტაციაში და თავად არღვევდა უხეშად საარჩევნო პრინციპებს. როდესაც ის ადამიანები გვესაუბრებიან არჩევნების ლეგიტიმაციაზე, რომლებიც თავად არღვევდნენ საარჩევნო პრინციპებს, თავად ხედავთ, რაშიც არის საქმე და ამას პირველ რიგში, საზოგადოება სათანადოდ შეაფასებს.
არ შეიძლება თავად არღვევდე საარჩევნო პრინციპებს, ამას აკეთებდე უხეში ფორმით და მერე საუბრობდე იმაზე, ხომ არ არის დარღვეული საარჩევნო პრინციპები. ასეთ ადამიანებთან შეხვედრა, რა თქმა უნდა, არ იყო მიზანშეწონილი. ამ დელეგაციაში არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც არ არღვევდნენ თავად საარჩევნო პრინციპებს, თუმცა, ყველა შემთხვევაში, ამ ვიზიტის სულისკვეთება სამწუხაროდ არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს", - ამბობს კობახიძე.
საქართველოში ვროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაცია ჩამოვიდა. ისინი დღეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები, ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის დელეგაციასთან შეხვედრას არ აპირებენ. შეხვედრები არც მთავრობის ადმინისტრაციასთან და არც საპარლამენტო უმრავლესობასთან არ არის ჩანიშნული.
დელეგაციის წევრები: