კობახიძე: 20 წელზე მეტია ქვეყანას პატრიოტი პრეზიდენტი არ ჰყოლია

კობახიძე: 20 წელზე მეტია ქვეყანას პატრიოტი პრეზიდენტი არ ჰყოლია

ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ 20 წელიწადზე მეტია, საქართველოს პატრიოტი პრეზიდენტი არ ჰყოლია და მიხეილ ყაველაშვილს უწევს ახალი ტრადიციის დამკვიდრება ამ 20-წლიანი წყვეტის შემდეგ.

"მინდა მივულოცო მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება. ის არის ღირსეული, პატრიოტი ადამიანი და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ ხუთი წლის განმავლობაში ის ღირსეულად ემსახურება ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე თავის ქვეყანას. მინდა წარმატებები ვუსურვო მას ყველა თვალსაზრისით. გამოწვევები არის სერიოზული.

20 წელიწადზე მეტია, ამ ქვეყანას არ ჰყოლია პატრიოტი პრეზიდენტი. შესაბამისად, მიხეილ ყაველაშვილს უწევს ახალი ტრადიციის დამკვიდრება ამ 20-წლიანი წყვეტის შემდეგ ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, მაგრამ მე ვარ დარწმუნებული, რომ მიხეილ ყაველაშვილი საუკეთესოდ გაართმევს თავს ამ პასუხისმგებლობას", - განაცხადა კობახიძემ.

***

მიხეილ ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო. - საქართველოს პარლამენტის სასახლეში მისი ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა.

პარალელურად, საქართველოს ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ტოვებს ორბელიანის სასახლეს, თუმცა თავს კვლავ ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად თვლის და ხალხის გვერდით რჩება.

ინაუგურაციის ცერემონიას ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ხმოსმები, ვინც ის აირჩია, ეკლესიის იერარქები და კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები ესწრებიან.

რამდენიმე საათით ადრე, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დგას საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერის, სალომე ზურაბიშვილის და ქართველი ხალხის გვერდით.