კოალიცია ცვლილებისთვის: ოკუპირებულ ტერიტორიაზე პირებს რუსეთის მოქალაქეობას დაჩქარებით ანიჭებენ

კოალიცია ცვლილებისთვის: ოკუპირებულ ტერიტორიაზე პირებს რუსეთის მოქალაქეობას დაჩქარებით ანიჭებენ

"კოალიცია ცვლილებებისთვის" განცხადებით, მეოთხე დღეა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, მოსახლეობას დაჩქარებული წესით ანიჭებენ რუსეთის მოქალაქეობას.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ამ პროცესს თვალს არიდებს და შესაბამისად არ რეაგირებს.

ოპოზიციური გაერთიანების თქმით, დეოკუპაცია და ქვეყნის გაერთიანება ოლიგარქის რეჟიმის ჩამოშორებითა და ევროკავშირში გაწევრიანებითაა შესაძლებელი.

"მეოთხე დღეა საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორებზე მცხოვრებ ადამიანებს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით დაჩქარებული წესით ანიჭებენ რუსეთის მოქალაქეობას.

მეოთხე დღეა აღნიშნულის შესახებ საქართველოს ე.წ. ხელისუფლება დუმს. მაგრამ, როდესაც ივანიშვილის ფულს დაცვა დასჭირდა, ღიად დაუპირსპირდნენ ჩვენს ისტორიულ მეგობრებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს დასავლეთში.

"ქართული ოცნების’’ მოღალატეობრივ დუმილსა და უმოქმედობაში საქართველოს ტერიტორიების ანექსიის პროცესის გაგრძელების შესახებ, გასაკვირი არაფერია. თუმცა, გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში სწორედ პირადად ბიძინა ივანიშვილი პირდებოდა საზოგადოებას საქართველოს მშვიდობიან დეოკუპაციასა და გამთლიანებას.

რეალურად, "ქართული ოცნება’’ არის ძალა, რომელიც ანგრევს არაღიარების პოლიტიკას და გვიკლავს შანსს ჩვენი სამშობლოს გამთლიანების. სწორედ ივანიშვილის გუნდმა არ მისცა ხმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის იმ რეზოლუციას, რომელშიც სირიის ახალ პრეზიდენტს მოუწოდებდნენ აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის აღიარების გაწვევის შესახებ. სწორედ ‘’ქართული ოცნების’’ პოლიტსაბჭოს განცხადებები დაიმოწმა გაერო-ში რუსეთის წარმომადგენელმა ოკუპანტი სახელმწიფოს ქმედბების გასამრთლებლად.

რეჟიმის დემონტაჟი, ევროკავშირში ინტეგრაცია, სადაც გვექნება ევროპული ტიპის დემოკრატია, მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა, არის გზა ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაციისა და გამთლიანებისკე", - წერია განცხადებაში.