
"კოალიცია ცვლილებებისთვის" ივანიშვილის პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ის ამბობს, რომ თუ დაპატიმრებული ოპოზიციონერი ლიდერები მას შეწყალების თხოვნით მიმართავენ და ამავე განცხადებაში დაადასტურებენ სურვილს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, ის მათ შეიწყალებს.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ კოალიციის დაკავებული ლიდერები არ აპირებენ ყაველაშვილს შეწყალების მოთხოვნით მიმართონ და მონაწილეობა მიიღონ თვითმმართველობის არჩევნებში.
მათი თქმით, ოპოზიციური პარტიების ადგილობრივ არჩევნებში ჩართვით, "ოცნება" საკუთარი თავის ლეგიტიმაციას ცდილობ, ხოლო დაპატიმრებული ლიდერების საკითხს ვაჭრობისთვის იყენებს.
"ე.წ. პრეზიდენტის პირით რეჟიმმა დაადასტურა, რომ ადგილობრივ არჩევნებად წოდებულ ყალბ, კრიმინალურ პროცესში პროდასავლური ძალების მონაწილეობა არის რეჟიმის გადარჩენისა და ცვლილებების გადავადების ერთადერთი გზა და რომ ამის მისაღწევად ყველანაირ გარიგებაზე წავლენ.
დადასტურდა ისიც, რომ პოლიტიკური ლიდერები რეალურად უსამართლოდ და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დაატყვევეს, რომ მათ არ აღიარეს გაყალბებული არჩევნების შედეგები და არ ცნეს რეჟიმის ლეგიტიმაცია.
ნათელი გახდა, რომ რეჟიმი საკუთარი ლეგიტიმაციის ერთადერთ გზად განიხილავს პროდასავლური ძალების ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და სწორედ ამ საკითხზე ვაჭრობს პოლიტიკური პატიმრების თავისუფლებით.
ჩვენი პოზიცია არის უცვლელი - არცერთ ეტაპზე არ ვაპირებთ რეჟიმთან თანამშრომლობასა და მათთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას. გამარჯვების გზა გადის ართანამშრომლობასა და წინააღმდეგიბაზე.
ბოლომდე!", - წერია განცხადებაში.