კლინიკების მიმდებარედ ხანძრის შემდეგ, ჰელსიკორი და თოდუას კლინიკა განცხადებას ავრცელებენ

კლინიკების მიმდებარედ ხანძრის შემდეგ, ჰელსიკორი და თოდუას კლინიკა განცხადებას ავრცელებენ

ე.წ. ბორჯომის ბაზრის ტერიტორიის მიმდებარედ მდებარე კლინიკები - ჰელსიკორი და თოდუას კლინიკა განცხადებას ავრცელებენ.

ცნობისთვის, ბორჯომის სადგურის რკინიგზის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის გამო მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა.

თოდუას კლინიკაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის კლინიკაში მოთავსებული არცერთი პაციენტისა და მედპერსონალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ასევე, აღნიშნავენ, რომ დღეს ამბულატორიული პაციენტების მიღება შეჩერებულია.

კლინიკა ჰელსიკორში აცხადებენ, რომ ჩატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, პაციენტები გადანაწილებული არიან თბილისის მასშტაბით სხვადასხვა კლინიკებში და არიან უსაფრთხოდ.

ასევე, აცხადებენ, რომ გეგმიური პროცედურები რაც დღეს იყო დაგეგმილი არ ჩატარდება.

ცოტა ხნის წინ განცხადება ასევე გაავრცელა ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნულმა ცენტრმა, ჯაფარიძე/ქევანიშვილის კლინიკამ და განაცხადა, რომ კლინიკიდან უსაფრთხოების მიზნით ყველა პაციენტი და თანამშრომელი ევაკუირებულია.

თბილისში, ბორჯომის სადგურის რკინიგზის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

სახანძრო-სამაშველო მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის თქმით, დაშავებულების შესახებ, ამ ეტაპზე, ინფორმაცია არ აქვთ.

მისივე თქმით, დაახლოებით 15 000 კვადრატზეა დამწვარი შერეული ბაზრის ტერიტორია.

"რაც შეეხება მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კლინიკებს, აღნიშნული კლინიკებიდან მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა პაციენტების ევაკუაცია. დაშავებულების შესახებ, ამ ეტაპზე, ინფორმაცია არ გვაქვს. 15 000 კვადრატზე არის დაახლოებით დამწვარი შერეული ბაზრობის ტერიტორია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების ქრობის სამუშაოები", - ამბობს ლევან მუსელიანი.