
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა გადაყვანილი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მივიდა. ის კლინიკაში მეუღლესთან ერთად იმყოფება.
ყოფილ პრემიერ-მინისტრს კლინიკაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 7 ივლისს რიჟვაძე გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით შეიყვანეს საგარეჯოს საავადმყოფოში. მას ადგილზე ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია — დაზიანებულია ფილტვი, თუმცა ექიმების განცხადებით, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, საქმეზე ტარდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.
მათივე ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევარი შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ერთი პირი დაკავებულია ბრალდებულის სახით. მედიის ინფორმაციით, ის საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანია.
პროპაგანდისტული მედიის მტკიცებით, რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე წერილი დაწერა.