მომღერალ ბაბი კირკიტაძესთან დაკავშირებით ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.
"ბაბი კირკიტაძესთან დაკავშირებული, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ვიდეოჩანაწერის უკანონოდ დამზადებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩაატარებს"- ნათქვამია განცხადებაში.
მომღერალმა 7 დეკემბერს ფეისბუქზე დაწერა, რომ სოციალურ ქსელებში დამონტაჟებულ ვიდეოჩანაწერს უვრცელებდნენ:
"პირობას გაძლევთ, ადრე თუ გვიან ყველას პასუხი მოგეთხოვებათ, დამმონტაჟებელსაც და თითოეულ გამავრცელებელსაც ამ ცილისწამებისთვის!
ვერც ჩურჩულით დადებული ხმა გიშველით და ვერც შუაში "სპიშკით" გადაფარული და დამონტაჟებული საზიზღრობა ფეიკით შემაშინებთ!!!
ყველასთვის გასაგები რომ იყოს: ჭორებით, დაცინვით და ათასი საშინელებით რომ ვერაფერი მიქნეს, ახლა ისეთ ამაზრზენ ვიდეომონტაჟს ავრცელებენ ჩემზე ჩათებში, პორნოსაიტებზეც რომ აღარ დებენ", - წერდა მომღერალი.
ვიდეოს გავრცელების შესახებ განცხადების შემდეგ მომღერალი ბაბი კირკიტაძე საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.