კირბი: არ გვინახავს ნიშანი, რომ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებას აპირებს

კირბი: არ გვინახავს ნიშანი, რომ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებას აპირებს

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონში რუსეთის მიერ ბელარუსში ბირთვული იარაღის გადატანის ნიშნებს ვერ ხედავენ.

მისი თქმით, რუსეთის რიტორიკიდან გამომდინარე, შეერთებული შტატები ბირთვული იარაღის საკითხს მუდმივად თვალს ადევნებს.

"არ მინახავს რაიმე ნიშანი იმისა, რომ მან შეასრულა ეს დაპირება და სადმე გადაიტანა, რაიმე ბირთვული იარაღი. სინამდვილეში არ გვინახავს რაიმე მინიშნება, რომ ის აპირებს ბირთვული იარაღის გამოყენებას უკრაინის ტერიტორიაზე. ცხადია, შეერთებული შტატები ეთანხმება მოსაზრებას, რომ ბირთვული ომი დაუშვებელია, რომ ბირთვულ ომს ვერავინ მოიგებს და რომ ეს მნიშვნელოვანი ხაზის გადაკვეთა იქნება. ასევე გეტყვით, რომ ჩვენ ყოველდღე ვადევნებთ თვალს ამ საკითხს, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ იმ რიტორიკიდან გამომდინარე, რომელიც მოსკოვიდან ომის დაწყების დღიდან გვესმის, მაგრამ არ გვინახავს არაფერი, რაც გვაიძულებს შევცვალოთ ჩვენი სტრატეგიული შეკავების პოზიცია." - განაცხადა ჯონ კირბიმ.

* * *
კრემლის პროპაგანდისტული მედიის ინფორმაციით, ოფიციალური მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რასია 24-თან ინტერვიუში გააკეთა.

"3 აპრილიდან ვიწყებთ ეკიპაჟების წვრთნას. 1 ივლისს კი ვასრულებთ ტაქტიკური ბირთვული იარაღის სპეციალური საწყობის მშენებლობას ბელარუსის ტერიტორიაზე", - განაცხადა პუტინმა.

პუტინი ამბობს, რომ რუსეთი უკვე დაეხმარა ბელარუსს თვითმფრინავების ხელახალ აღჭურვაში. გარდა ამისა, მინსკს გადაეცა სარაკეტო სისტემა ისკანდერი.

პუტინის თქმით, ასეთი ნაბიჯის მიზეზი გახდა დიდი ბრიტანეთის განცხადება, რომ უკრაინას ტანკებისთვის გაღარიბებული ურანის შემცველ ჯავშანგამჭოლ ჭურვებს გადასცემდნენ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბელარუსი დიდი ხანია ითხოვდა საკუთარ ტერიტორიაზე რუსული ბირთვული იარაღის განთავსებას.

"ჩვენ არ გადავცემთ და შეერთებული შტატებიც არ გადასცემს [ბირთვულ იარაღს] თავის მოკავშირეებს. ჩვენ, პრინციპში, ვაკეთებთ ყველაფერს, რასაც ისინი ათწლეულების განმავლობაში აკეთებენ. მათ ჰყავთ მოკავშირეები გარკვეულ ქვეყნებში და მათ გადამტანებს ამზადებენ, ამზადებენ მათ ეკიპაჟებს. ჩვენც იმავეს ვაპირებთ. სწორედ ამას ითხოვდა ალექსანდრ გრიგორიევიჩი [ლუკაშენკო]“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

სამშაბათს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანაბელ გოლდიმ განაცხადა, რომ ლონდონი, Challenger 2-ის ტანკების გარდა, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცემს საბრძოლო მასალას, მათ შორის ჯავშანსატანკო ჭურვებს, რომლებიც გაღარიბებულ ურანს შეიცავს.