კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად 11 ივნისს დანიშნული კობა ხუბუნაია შვებულებაში გავიდა. ინფორმაციას კინემატოგრაფები, მათ შორის, ეროვნული კინოცენტრის თანამშრომელი ლევან აბდუშელიშვილი ადასტურებს.
"პატარა მიზანი მიღწეულია, ასე ვთქვათ, ჩვენ კობა ხუბუნაიასთან, როგორც ჩანს, აღარ გვაქვს საქმე, იმიტომ რომ ადამიანი შვებულებაშია გასული", - აცხადებს ლევან აბდუშელიშვილი ფორმულასთან საუბრისას.
"ბიაზი გასკდა" - ამ სახელწოდებით კულტურის სამინისტროსთან კინემატოგრაფისტები საპროტესტო აქციას მართავენ და კულტურის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრას ითხოვენ.
"მოვედი, იმიტომ რომ საბოლოოდ არ დავკარგოთ კინოს დამოუკიდებლობა ქვეყანაში და არა მარტო კინოსი, მთლიანად კულტურის და ხელოვნების... ცისფერ მთებს ჰგავს ჩემთვის აბსურდულობით ჩვენი მმართველობა და პოლიტიკა რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს, აბსურდია, რაც ხდება ჩვენთან", - აცხადებს სამეფო უბნის თეატრის მსახიობი, ანანო მახარაძე.
* * *
11 ივნისს კინოცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო კუხალაშვილმა განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრომ მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან გათავისუფლებულია თანამდებობიდან.
მისი თქმით, წულუკიანმა რეორგანიზაცია დაიწყო, კინოცენტრის დებულებაში ცვლილებები შეიტანა, ხოლო დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კობა ხუბუნაია დანიშნა - ის კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსიცაა.
კობა ხუბუნაიას ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის 2021 წელს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო, მანამდე კი იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ აღსრულების ეროვნულ ბიუროში საფინანსო საკითხებში ეკონომიკური სამსახურის მრჩეველი იყო.
მოგვიანებით მან ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კინოცენტრის თანამშრომლებს ოფისმენეჯერად პროპაგანდისტული, სახელისუფლებო არხის POSTV-ის ჟურნალისტის, ბაჩო ოდიშარიას დანიშვნის ბრძანება დაუმალეს.
პროპაგანდისტული, სახელისუფლებო არხის POSTV-ის ჟურნალისტი, ბაჩო ოდიშარია, რომელიც მისივე თქმით, კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა, ფორმულასთან ამბობს, რომ კინოცენტრში "რეორგანიზაციაში ჩაერთვება."