კიევში რუსეთის სარაკეტო დარტყმის ობიექტი ბავშვთა საავადმყოფო გახდა

კიევში რუსეთის სარაკეტო დარტყმის ობიექტი ბავშვთა საავადმყოფო გახდა

BBC-ის ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინას კორექტირებადი საავიაციო ბომბებითა და რაკეტებით შეუტიეს, რასსაც სულ მცირე 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გამოცემის ინფორმაციით, კიევში, სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა. ქალაქის მერმა განაცხადა, რომ სარაკეტო დარტყმის ობიექტი ბავშვთა საავადმყოფო გახდა და მიმდინარეობს ევაკუაცია.

უკრაინის შეიარაღებული საჰაერო ძალების ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაში გამოცხადდა.

"KAB ტაქტიკური ავიაციის გაშვება ხარკოვის ოლქში! ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხე სამხრეთიდან! რაკეტა მიკოლაივის ოლქის ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით!", - აცხადებენ საჰაერო ძალებში.

პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც პოლონეთში იმყოფება განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინას მასობრივად შეუტია.

"სხვადასხვა ქალაქები: კიევი, დნიპრო, კრივი რიჰი, სლოვიანსკი, კრამატორსკი. 40-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, ინფრასტრუქტურა და ბავშვთა საავადმყოფო", - განაცხადა მან.

კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ოლქსა და დედაქალაქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს. ამასთან, კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცადა, რომ დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმის.