
კენიის ველური ბუნების სამსახურის (KWS) ინფორმაციით, ნაირობის გარეუბანში ლომმა 14 წლის გოგო მოკლა. შემთხვევა ერთ-ერთი რანჩოს ტერიტორიაზე მოხდა, რომელიც ნაირობის ეროვნული პარკის მახლობლად მდებარეობს.
როგორც სააგენტო აცხადებს, მტაცებელმა ბავშვი საცხოვრებელი კომპლექსიდან გაიტაცა. სიგნალი სხვა მოზარდმა გაავრცელა, რის შემდეგაც რეინჯერები ლომის ნაკვალევს მიჰყვნენ და გოგოს ცხედარი მბაგათის მდინარესთან აღმოაჩინეს.
ლომი ამ დროისთვის ჯერ კიდევ ვერ იპოვეს, თუმცა KWS აცხადებს, რომ ტერიტორიაზე დაგებულია მახე და მობილიზებულია საძიებო ჯგუფები. ასევე, მიღებულია დამატებითი უსაფრთხოების ზომები, რათა მსგავსი შემთხვევები თავიდან იქნას აცილებული.
ნაირობის ეროვნული პარკი დედაქალაქიდან მხოლოდ 10 კილომეტრით არის დაშორებული და მტაცებლების გარდა ბინადრობენ ჟირაფები, ანტილოპები, ლეოპარდები და სხვა ცხოველები. პარკი სამი მხრიდან შემოღობილია, თუმცა სამხრეთით ღიაა, რაც ცხოველებს მიგრაციის საშუალებას აძლევს.
გარდა ამისა, კვირას, კენიის ცენტრალურ ნაწილში, ნიერის ოლქში, სპილომ 54 წლის მამაკაციც იმსხვერპლა. დაზარალებული მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა ის გარდაიცვალა.