საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპიდან გასვლისთვის ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ ქართუსგან 30 მილიონი ლარი უკვე აიღეს. როგორც განცხადებაში წერია, თანხა ნაკრების წევრებმა პრემიის სახით, უკვე მიიღეს.
ამავე განცხადებაში ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილსა და მის ფონდ ქართუს:
"ნაკრების სახელით, მსურს მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და ფონდ “ქართუს” ჩვენი შრომის დაფასებისთვის და ფეხბურთის მხარდაჭერისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი საყვარელი სპორტის სახეობის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, თითოეულ გულშემატკივარს ბოლო თვეების განმავლობაში გამოხატული მხარდაჭერისთვის. ის, რაც 2 ივლისის საღამოს თბილისის ქუჩებში ხდებოდა, უდიდესი ბედნიერების და ენერგიის მომტანი იყო ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის. სწორედ თქვენი მხარდაჭერით და ერთიანობით მივიღეთ ეს ისტორიული შედეგი, რასაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში და 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა ჰქვია. ამ ერთიანობით და გუნდურობით უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა და ახალი წარმატებებისთვის შრომა".