აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე ბრალი წაუყენეს. ტრამპს ბრალად ედება აშშ-სა და მოქალაქეების წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენა და მოტყუებით 2020 წლის არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობა.
ყოფილი პრეზიდენტი ვაშინგტონის სასამართლოში 3 აგვისტოს უნდა გამოცხადდეს.
საქმეს იძიებს უპარტიო სპეცპროკურორი ჯეკ სმიტი, რომელმაც ტრამპს ბრალი 4 პუნქტში წაუყენა: შეთქმულება შეერთებული შტატების მოტყუების მიზნით, შეთქმულება ოფიციალური პროცედურების შეფერხების მიზნით, სამსახურებრივი პროცედურების დაბრკოლება და ხელის შეშლის მცდელობა, შეთქმულება მოქალაქეთა უფლებების დარღვევის მიზნით. აღნიშნული ბრალდებებიდან ორი პუნქტი 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ეს არის მესამე და ყველაზე სერიოზული სისხლის სამართლის საქმე ტრამპის წინააღმდეგ, რომელიც კვლავ გეგმავს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ტრამპი ყველა ბრალს უარყოფს.
გამოძიება ფოკუსირებული იყო ტრამპის ქმედებებზე ორთვიანი პერიოდის განმავლობაში - ჯო ბაიდენთან დამარცხებისა და კაპიტოლიუმზე შტურმის პერიოდში. 2021 წლის 6 იანვარს ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები კონგრესში შეიჭრნენ, როდესაც წარმომადგენელთა პალატა არჩევნების შედეგების დამტკიცებას ცდილობდა.
45-გვერდიან საბრალდებო დასკვნაში ჩამოთვლილია 6 თანამოაზრე, რომელთა ვინაობაც არ სახელდება: ოთხი იურისტი, იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომელი და პოლიტიკური კონსულტანტი.
არჩევნებში დამარცხების შემდეგ ტრამპი ამტკიცებდა, რომ ხმები გაყალბდა. თაღლითობის შესახებ ტრამპის ბრალდებების საპასუხოდ პროკურორები აცხადებენ: "ეს ბრალდებები ის ცრუ და მოპასუხემ იცოდა, რომ ისინი ცრუ იყო".
ბრალდების თანახმად, ტრამპმა იცოდა, რომ განცხადებები მისი გამარჯვების შესახებ მცდარი იყო, თუმცაღა იმეორებდა მათ, რათა საზოგადოებაში უნდობლობისა და გაბრაზების დაძაბული ატმოსფერო შეექმნა და შეერყია საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ.
საბრალდებო დასკვნაში ასევე არის ჩამოთვლილი მრავალი ამერიკელი მაღალჩინოსანი და ტრამპის კამპანიის თანამშრომელი, რომლებმაც, როგორც ნათქვამია, აცნობეს მიმავალ პრეზიდენტს, რომ მან წააგო და რომ არ არსებობდა ამომრჩეველთა გაყალბების მტკიცებულება.
ტრამპი, რომელსაც სამ სხვადასხვა საქმეზე 78 ბრალი აქვს წაყენებული, ამჟამად საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერია.