საქართველოს ეროვნული პლატფორმა აცხადებს, რომ დღეს რუსული კანონის დამტკიცება იქცა კედლად ევროინტეგრაციის გზაზე და გაფერმკრთალდა სახელმწიფოს დეკლარირებული საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული მიზანი - საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.
გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაცია შეშფოთებას გამოხატავს კანონის მესამე მოსმენით მიღების გამო და აღნიშნავს, რომ ოცნების ანტიდასავლური რიტორიკა საფრთხის ქვეშ აყენებს ევროკავშირთან, აშშ-სა და სხვა მოკავშირეებთან საქართველოს ურთიერთობას.
"საქართველომ ბოლო 30 წლის განმავლობაში დემოკრატიზაციის და ევროინტეგრაციის გზაზე არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა, რომელმაც ქვეყანას დემოკრატიის და ევროპული მომავლისთვის საგრძნობი შედეგები მოუტანა, მაგრამ დღეს დადგა დღე, როდესაც გვიწევს ვთქვათ რომ საქართველოს დემოკრატია უმძიმესი გამოცდის წინაშე დგას.
დღე, როცა საფრთხის ქვეშ დადგა ყველა ის მიღწევა , რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე თაობებმა მოიპოვეს, დაიცვეს და გააძლიერეს! ამ კანონმა დღევანდელ დღემდე სანამ ის კანონად იქცეოდა, ქართულ საზოგადოებას მკაფიოდ დაანახა მიზნები რომელსაც ის ემსახურება: ძალადობა, სტიგმატიზაცია, განსხვავებული აზრის დევნა, საზოგადოების გახლეჩა, დაპირისპირება და ევროინტეგრაციის პროცესის ჩიხში შეყვანა.
ხელისუფლებამ არ შეისმინა საკუთარი საზოგადოების მოთხოვნა და საერთაშორისო პარტნიორებისა და ქვეყნის მეგობრების რჩევა გაეწვია „რუსული კანონი“. დღეს მე-3 მოსმენით მიღებული კანონი იქცა კედლად ევროინტეგრაციის გზაზე და გაფერმკრთალდა სახელმწიფოს დეკლარირებული საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული მიზანი - საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი"- ნათქვამია განცხადებაში.
მოსახლეობისა და დასავლელი პარტნიორებების მოწოდებების მიუხედავად, ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონი მიიღო.
მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ერთ თვეზე მეტია მოქალაქეები პარლამენტთან რუსული კანონს აპროტესტებენ. მოქალაქეები ქართული ოცნებისგან კანონის გაწვევას მოითხოვდნენ. საპასუხოდ კი, ხელისუფლებამ მშვიდობიანი აქცია არაერთხელ დაშალა ძალის გამოყენები, პოლიციელები და სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები ფიზიკურად, სასტიკად უსწორდებოდნენ მომიტინგეებს. აქციების პერიოდში შსს-მ ათეულობით ადამიანი დააკავა.