კანადის პრემიერმა ვადამდელი არჩევნები 28 აპრილს დანიშნა

კანადის პრემიერმა ვადამდელი არჩევნები 28 აპრილს დანიშნა

კანადის ახალმა პრემიერმინისტრმა მარკ კარნიმ ვადამდელი არჩევნები 28 აპრილს დანიშნა. მისი თქმით, მას ძლიერი მანდატი სჭირდება, რათა შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფებისგან წარმოშობილ საფრთხეს გაუმკლავდეს.

როგორც Reuters წერს, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები 20 ოქტომბრამდე არ უნდა ჩატარებულიყო, კარნი იმედოვნებს, რომ იანვრის შემდეგ ლიბერალური პარტიის საზოგადოებრივ გამოკითხვებში გაუმჯობესებულ პოზიციას გამოიყენებს.

"კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი კანადის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. კანადაში ინვესტირება, კანადის აშენება, კანადის გაერთიანება. ამიტომ მე ვითხოვ ძლიერ, პოზიტიურ მანდატს ჩემი თანამემამულე კანადელებისგან" – თქვა კარნიმ.

როგორც პრემიერმინისტრმა აღნიშნა, ახლა კანადა მნიშვნელოვანი კრიზისის წინაშე დგას.

"ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი კრიზისის წინაშე ვდგავართ პრეზიდენტ ტრამპის გაუმართლებელი სავაჭრო ქმედებებისა და ჩვენი სუვერენიტეტისადმი მისი მუქარის გამო"- თქვა მან.