კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრუდომ პირობა დადო, რომ კანადა უკრაინას რუსულ An-124 Ruslan-ის თვითმფრინავს გადასცემს, რომელიც გასულ წელს ტორონტოს აეროპორტში დააკავეს. შესაბამისი განცხადება ტრუდომ კიევში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"დღეს, ჩვენ მიერ მიღებული კანონმდებლობით, ვახდენთ ამ თვითმფრინავის კონფისკაციას, რომელიც რუსეთის საკუთრებაში იყო და ამ აქტივის უკრაინისთვის გადაცემის პროცესს ვიწყებთ, რათა ის აღარასოდეს გამოიყენოს რუსეთმა ომის მხარდასაჭერად", - აღნიშნა ტრუდომ.
შეგახსენებთ, რომ კანადამ უკრაინის სასარგებლოდ რუსეთის აქტივების გადაცემის მექანიზმი შეიმუშავა და აამოქმედა. გასული წლის ივნისში მათ მიიღეს ცვლილებები სპეციალური ეკონომიკური ზომების აქტში, რამაც შექმნა რუსული აქტივების კონფისკაციისა და უკრაინის დასახმარებლად გამოყენების შესაძლებლობა.
ტრუდომ ასევე გამოაცხადა, რომ კანადა მიიღებს მონაწილეობას უკრაინელი მფრინავების მომზადებაში. გარდა ამისა, ტრუდოს კიევში ვიზიტის პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ კანადა უკრაინას ახალ, 370 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს.