კალაძე: თუ დოიაშვილს პოლიტიკაში მოსვლა უნდა, შეუძლია მიიღოს ეს გადაწყვეტილება

კალაძე: თუ დოიაშვილს პოლიტიკაში მოსვლა უნდა, შეუძლია მიიღოს ეს გადაწყვეტილება

თბილისის მერი, კახა კალაძე ეხმაურება ქართული ოცნების კულტურის სამინისტროს მიერ დავით დოიაშვილის ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებას და ირწმუნება, რომ ამის "საფუძველი არ იცის".

კალაძემ ახსენა დოიაშვილის პოზიცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ თუ მას "პოლიტიკაში წასვლა უნდა, შეუძლია, მიიღოს ეს გადაწყვეტილება".

"განსხვავებული აზრი უამრავ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. ჩემს უწყებაშიც არიან ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკურ საკითხებზე განსხვავებული მოსაზრება აქვთ. შეუძლებელია, რომ ყველას ერთნაირი აზრი გააჩნდეს. რაც შეეხება დოიაშვილის მოხსნას, ამის საფუძველი არ ვიცი რა იყო. თუმცა, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ვუყურებ, ვიტყვი, რომ თუ დოიაშვილს პოლიტიკაში მოსვლა უნდა, შეუძლია მიიღოს ეს გადაწყვეტილება. თუ ხარ იქ, სადაც ხარ, მაშინ უნდა იმუშაო და იმ კონკრეტულ მიმართულებას მიხედო. პროტესტი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ იმუშაო, არ გააკეთო შენი გასაკეთებელი.

წლების განმავლობაში დავით დოიაშვილი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს სათავეში ედგა. შეიძლება ადამიანს განსხვავებული შეხედულება ჰქონდეს, ეს ჩემთვის იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მტრები ვართ, თქვენ ნუ უყურებთ იმ რადიკალურ დაჯგუფებებს, დღეს ქუჩაში რომ არიან წარმოდგენილნი აგენტურის სახით"- თქვა კალაძემ.

16 აპრილს, დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.