კალაძე: რაც არ უნდა ჩხრიკოთ, ვერაფერს ნახავთ ისეთს, კალაძეს რაიმე არაკანონიერი ჩაედინოს

კალაძე: რაც არ უნდა ჩხრიკოთ, ვერაფერს ნახავთ ისეთს, კალაძეს რაიმე არაკანონიერი ჩაედინოს

ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე სამთავრობო ბორტით სარგებლობასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ "ტყუილია ინფორმაცია, თითქოს მისი ყველა ხარჯი დეკლარაციაში მითითებული არაა". კალაძის მტკიცებით, "არაფერი აქვს დასამალი".

კახა კალაძემ 15 სექტემბერს თქვა, რომ სამთავრობო ბორტით პირდაპირ ფრენისთვის მასაც უსარგებლია. ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ არ არის გასაჯაროებული აღნიშნული მომსახურების თანხა, რაზეც მერი ამბობს, რომ "პირადი თანხების" გასაჯაროების ვალდებულება არ აქვს.

"ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, ჩემი ყველა ხარჯი მითითებულია დეკლარაციაში და იმის მცდელობა, საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში, ნამდვილად არ გამოგივათ. მე არაფერი მაქვს დასამალი და რაც არ უნდა ჩხრიკოთ, რაც არ უნდა ეძებოთ, ვერაფერს ვერ ნახავთ ისეთს, რომ კახა კალაძეს რაიმე არასწორი, არაკანონიერი, კანონის საწინააღმდეგო გაეკეთებინოს და ჩაედინოს.

თანხა მითითებულია პირად ხარჯებში. მე უამრავი პირადი ხარჯი მაქვს და შესაბამისად, პირადი ხარჯი წარმოდგენილია დეკლარაციაში. ეს თანხები მიდიოდა ბიუჯეტში, თუ მიმართავს სპეციალური დაცვის სამსახურს, მიიღებთ ყველა ინფორმაციას, რა კითხვებიც გაქვთ. პირველი მე ვიყავი, ვინც დავადასტურე, რომ მისარგებლია, მაგრამ არა ბიუჯეტის ხარჯით, რასაც აკეთებდა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი წლების განმავლობაში და იცით, რომ მილიონობით თანხებია გაფლანგული პირადი მგზავრობებისთვის, რაც ძალიან მძიმე და ცუდია", - აცხადებს კახა კალაძე.

კალაძე ირწმუნება, რომ მისი მხრიდან სახელმწიფო ბორტის ქირაობა "სახელმწიფოს ხარჯებს უმცირებს" და პირადი თანხის გადარიცხვა "ქვეყნის ბიუჯეტს წაადგება".

"ნებისმიერი თვითმფრინავის დაქირავების შესაძლებლობა არის, თუმცა, იმ შემთხვევაში, იყო ეს კონკრეტული შესაძლებლობა. პირიქით, ეს ბიუჯეტისთვის არის ძალიან კარგი და ჩვენი სახელმწიფოსთვის. ვინც ცოტა ერკვევა და იცის თვითმფრინავთან დაკავშირებული ხარჯები, მას აქვს კონკრეტული ხარჯები, რომლებიც ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს ან კომპანიას, მას აქვს კონკრეტული ხარჯები. ეს არის პილოტები, მისი შენახვა და ა.შ. შესაბამისად, ის, რომ მე ვიქირავე თვითმფრინავი, ეს პირიქით, სახელმწიფოს უმცირებს ხარჯებს, იმიტომ რომ მე ბიუჯეტის ხარჯზე არ მიმგზავრია, გადავრიცხე ჩემი საკუთარი თანხები, რომლებიც დარწმუნებული ვარ, მიმართული იქნება და გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ თვითმფრინავის შენახვა, გამართულობა, მოწესრიგება იქნება უზრუნველყოფილი", - აცხადებს კახა კალაძე.

***

***

9 სექტემბერს, TV პირველის ეთერში სიუჟეტი გავიდა, სადაც Georgian Airways-ის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა თქვა, რომ ქვეყნის პრემიერი გერმანიაში მისმა კომპანიამ, სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა.

როგორც გაიაშვილმა თქვა, თვითმფრინავი პრემიერის გასაფრენად სახელმწიფო დაცვის სამსახურმა შეუკვეთა. მისივე განმარტებით, მთავრობისთვის თვითმფრინავებს ყოველთვის ანზორ ჩუბინიძე [სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი] უკვეთავს.

ამასთან, გაიაშვილის მტკიცებით, მისთვის უცნობია იყო თუ არა ღარიბაშვილის ვიზიტი მიუნხენში პირადი თუ სამსახურებრივი ხასიათის, თუმცა ამავე კონტექსტში მას მაგალითად მოჰყავს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ვიზიტი გერმანიაში, რა დროსაც, გაიაშვილის თქმით, სააკაშვილმა ცხვირის ოპერაცია გაიკეთა.

7 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა გამოაქვეყნა განცხადება და თქვა, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოში აშშ-ში შვილთან ერთად ჩარტერული რეისით გაემგზავრა - მისი მტკიცებით, ხარჯი ბიუჯეტიდან არ გაწეულა.

მოგვიანებით სტრატკომმა ღარიბაშვილის აშშ-ში ჩასვლასთან დაკავშირებით მორიგი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ღარიბაშვილი ჩარტერით ევროპაში ჩავიდა, იქიდან ამერიკაში კი რეგულარული რეისით.