კალაძე: ნეტავ, ვინმემ რამე გაბედოს, ყველა შესაბამის პასუხს მიიღებს, კანონის ფარგლებში

კალაძე: ნეტავ, ვინმემ რამე გაბედოს, ყველა შესაბამის პასუხს მიიღებს, კანონის ფარგლებში

თბილისის მერი, კახა კალაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ "გადატრიალების" შესახებ გავრცელებულ ბრალდებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მეორე დღეა ამ საკითხზე "მიზანმიმართული ქილიკი" მიმდინარეობს. ის ამბობს, რომ თუ ვინმე რამეს "გაბედავს", ყველა "შესაბამის პასუხს მიიღებს, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში".

"დღეს საქართველოს არ ჰყავს ხელისუფლება, რომელიც დათმობს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესს და გაატარებს რომელიმე კონკრეტული ქვეყნის ინტერესს ქვეყნის მოსახლეობის ხარჯზე. ჩვენ არავის არ მივცემთ უფლებას და შესაძლებლობას, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა გამოიყენოს საზარბაზნე ხორცად, საქართველო არ იყიდება და ეს უნდა დაიმახსოვროს ყველამ, ვინც არ უნდა იყოს - ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ თუ ა.შ. საქართველო არ და ვერ გაიყიდება, ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესს და ამ ქვეყნის ინტერესს.

მეორე დღეა, მიზანმიმართულად მიმდინარეობს ქილიკი და დისკრედიტაციის მცდელობა იმ უწყების მისამართით, რომელიც აღნიშნულზე განცხადება გააკეთა. მიზანმიმართულად ხდება, რომ ცდილობენ, როგორმე გააუფერულონ აღნიშნული განცხადება და ისე მოგვევლინებიან ხოლმე, რომ "მაგას როგორ იკადრებენ, როგორ გაბედავენ ასეთ რამეს", ნეტავ, ვინმემ რამე გაბედოს, ნეტავ, ვინმემ რამე გაბედოს, ყველა მიიღებს შესაბამის პასუხს, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში", - განაცხადა კალაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში "დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა" იგეგმება. უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ ამას "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი" გეგმავს. მათი განცხადებით, ამის საბოლოო მიზანი "ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა".

უწყების თანახმად, "დესტრუქციული პროცესების" დასაწყებად ეს კონკრეტული თარიღები იმიტომ შეარჩიეს, რომ ამ პერიოდში ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა უნდა გამოქვეყნდეს. მათი თქმით, "სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად მომზადების შეთქმულთა მოლოდინი" გათვლილია იმ გარემოებაზე, რომ გამოქვეყნებული დასკვნა უარყოფითი იქნება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ გეგმის ავტორებად კონკრეტულ პირებს ასახელებენ - სუს საუბრობს საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილესა და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძეზე, ასევე, მის დაქვემდებარებაში მყოფ ქართული წარმოშობის მქონე პირებზე, მათ შორის მამუკა მამულაშვილზე.