თბილისის მერი კახა კალაძე მაკდონალდსის წინააღმდეგ ქართული ოცნების ჰომოფობიურ პროპაგანდას აგრძელებს.
კალაძე ამბობს, თითქოს "სიბინძურის პროპაგანდა" ხდება.
"მე არ ვიცი, რაზე საუბრობთ, თუმცა მგონი ყველაფერი ნათელია და ყველაფერი ცხადია. როდესაც ხდება სიბინძურის პროპაგანდა, ამ ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი, ვისგანაც არ უნდა იყოს ეს და სადაც არ უნდა იყოს. როდესაც ხდება ბავშვებში ამ სიბინძურის პროპაგანდა, ეს ძალიან დამაზიანებელია და პირველ რიგში, ჩვენ, მამებმა, დედებმა უნდა ამოვიღოთ ამაზე ხმა. აქ საუბარია პატარებზე, ჩვენს შვილებზე და მომავალ თაობებზე.
შესაბამისად, ეს არის ძალიან დიდი სიბინძურე, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს და რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა მოდიოდეს. არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა დავუშვათ და არავის უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ამ მიმართულების პროპაგანდა გაძლიერდეს ქვეყანაში", - ამბობს ის.
მაკდონალდსის სერიის წიგნებიდან, რომლებიც ცნობილი ადამიანების ცხოვრებას ეხება, ერთ-ერთი ელტონ ჯონი იყო, რომელზეც ეწერა - "დაქორწინდა და მეუღლესთან, დევიდთან და ორ ვაჟთან ერთად შექმნა ოჯახი, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა". ეს ჩანაწერი ქართულმა ოცნებამ პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენა, სამთავრობო მედიებმა კი მაკდონალდსის გაშავების კამპანია დაიწყეს. ჩანაწერი დაგმო საპატრიარქომაც.