თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ხვალიდან, პირველი თებერვლიდან წერეთლის გამზირზე მოძრაობა ორმხრივად აღდგება. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
"ჩვენ დედაქალაქის მოსახლეოაბს დავპირდით, რომ პირველი თებერვლიდან წერეთლის გამზირზე სამუშოები საგზაო ნაწილში იქნებოდა დასრულებული და მოძრაობა ორმხრივად იქნებოდა შესაძლებელი. ახლაც მიმდინარეობს სამუშაოები, რომელიც საღამომდე მთლიანად დასრულებული იქნება. პარალელურად, მიმდინარეობს დასუფთავების სამუშოები და ხვალიდან, პირველი თებერვლიდან, როგორც დაგპირდით, წერეთლის გამზირზე მოძრაობა იქნება ორმხრივად აღდგენილი და გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი", - თქვა კალაძემ.
16 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მერიამ წერეთლის გამზირზე მომუშავე კომპანიებს კონტრაქტი შეუწყვიტა. საქმე ეხება ორ კონტრაქტორ კომპანიას - შპს ერ ტე დეს და შპს მილენიუმ ბილდერს გრუპს.
დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ინსპექტირებისას დაფიქსირდა ხელშეკრულების პირობების დარღვევა და კომპანიების მიერ ობიექტზე სამუშაოების შეფერხებით შესრულება.
17 იანვარს მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის იანვრის ბოლომდე დასრულებისთვის 4 კომპანიასთან კონტრაქტები გააფორმა. კონტრაქტის ჯამური ღირებულება 17 მილიონ ნახევარი ლარია.
მერიამ კონტრაქტები გააფორმა კომპანიებთან: ბლექ სი გრუპი, პარმა, ენკო, ჯეუ გრუპი.