თბილისის მერის, კახა კალაძე კანცელარიის შენობასთან სამშენებლო სამუშაოების შესახებ აცხადებს, რომ მთავრობის ადმინისტრაციიდან მიიღეს წერილი სკვერის მოწყობის შესახებ და მერია თანხმობას უახლოეს დღეებში გასცემს, რის შემდეგაც დაიწყება სამუშაოები.
მისი თქმით, ამ საკითხზე რამდენიმე დღის წინ მიმართეს და მერიას მშენებლობის დაწყების შესახებ თანხმობა ჯერ არ გაუცია - საკითხზე უახლოეს პერიოდში იმსჯელებენ და გადაწყვეტილებას მიიღებენ.
"მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან შემოსული იყო წერილი დედაქალაქის მერიაში პირველი კლასის მშენებლობაზე, ეს არის ლანდშაფტური სივრცის მოწყობა. ჩვენ მომდევნო დღეების განმავლობაში განვიხილავთ ამას და შესაბამისი პასუხით იქნება დაბრუნებული. როგორც გითხარით, საუბარი არის სკვერის მოწყობაზე, შესაბამისად, ჩვენი მხრიდან თანხმობა იქნება გაცემული და მას შემდეგ უკვე მოხდება სამუშაოების დაწყება." - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერი აცხადებს, რომ პოლიტიკური პარტიები ცდილობენ მშენებლობების დაწყება "რაღაცას დაუკავშირონ", რაც მისი თქმით, "მანიპულაციაა".
"ყოველთვის ხდება ხოლმე მანიპულაცია ამგვარი თემებით. სხვათა შორის, მე მახსოვს, როდესაც ჩვენ დავიწყეთ პარლამენტის წინ არსებული სივრცის მოწესრიგება და კეთილმოწყობა, მაშინაც იგივე განცხადებები კეთდებოდა, სამწუხაროდ. საზოგადოება ძალიან კარგად შეაფასებს ამ ყველაფერს. ხდება კონკრეტული სივრცის მოწესრიგება, გალამაზება, ამაში ცუდი არაფერი არ არის, თუმცა კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები, სამწუხაროდ, ყოველთვის ცდილობენ, რომ ეს რაღაცას დაუკავშირონ. ერთი გვეუბნებოდა, რომ თურმე რიკოთის უღელტეხილი ჩაგვიკეტია იმისთვის, რომ ხალხი დასავლეთიდან აღმოსავლეთში აქციაზე არ წამოვიდეს. ნუ, ყოველთვის იქნება ასეთი მანიპულაციები, სანამ ასეთი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი გვყავს.“ - განაცხადა კახა კალაძემ.
7 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან რკინის კონსტრუქციები და სამშენებლო მასალები მიიტანეს.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებით საზოგადოების ნაწილმა აღიქვა, რომ შენობის შემოღობა იგეგმება.
ფორმულას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში უთხრეს, რომ შენობის წინ მიმდინარეობს კეთილმოწყობითი სამუშაოები, რომლის ფარგლებში დაგეგმილია სკვერის მოწყობა და ინფრასტრუქტურის განახლება.