კახიშვილი ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმაზე: საქართველოს მთავრობა ამაზე ინფორმირებული არ ყოფილა

კახიშვილი ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმაზე: საქართველოს მთავრობა ამაზე ინფორმირებული არ ყოფილა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, კახი კახიშვილმა პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ სოფელ ჩორჩანასთან საგუშაგოს ჩადგმაზე მთავრობის ადმინისტრაციას ინფორმაცია არ ჰქონია.

მისი თქმით, ეს საკითხი სამუშაო თათბირებსა და მთავრობის სხდომებზე არ განიხილებოდა.

"იმ პერიოდში გახლდით მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და გამოძიებას ბუნებრივია აინტერესებდა, იყო თუ არა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ინფორმირებული ამ საკითხთან დაკავშირებით იმ დროს, ან მოსალოდნელ საფრთხეებთან, ან გადაწყვეტილების მიღებასთან. ბუნებრივია, მე ვუპასუხე, რაც არის და იყო. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ოფიციალურად ინფორმირებული ამ საკითხთან დაკავშირებით იმ დროს არ ყოფილა. მეტიც, სამუშაო თათბირზე, რომელიც მიმდინარეობდა ჩემი მონაწილეობით, ეს საკითხი არ განხილულა. ბუნებრივია, არც მთავრობის სხდომის ფორმატში არ განხილულა ეს საკითხი", - თქვა მან.

კახიშვილი ირწმუნება, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მაშინდელ პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს და მთავრობის სხვა წევრებს ინფორმაცია არ ჰქონდათ.

იგი არ გამორიცხავს, რომ პროკურატურაში გამოკითხვაზე ბახტაძეც დაიბარონ.

"მე შემიძლია დაგიდასტუროთ ერთი რამ, რომ ოფიციალური კორესპონდენცია ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერმინისტრის ინფორმირებულობის მიზნით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში არცერთი უწყებიდან არ შემოსულა. არცერთ თათბირზე, არც მთავრობის სხდომის ფორმატში, ინფორმაცია მთავრობის წევრებისთვის და საქართველოს მთავრობის მეთაურისთვის არ ყოფილა. შესაბამისად, მე ვერ დავადასტურებ სატელეფონო საუბარში იყო თუ არა რაიმე ცნობილი პრემიერისთვის, მაგრამ ოფიციალურ ფორმატში არც წერილობით, არც სიტყვიერად, არც მთავრობის ადმინისტრაციის სამუშაო თათბირის ფორმატში, არც მთავრობის სხდომის ფორმატში არც მთავრობის წევრებისთვის, არც საქართველოს პრემიერისთვის ინფორმაცია მიწოდებული არ ყოფილა. მე ამიტომ აღვნიშნე, რომ ოფიციალურად თუ რაიმე შემოდიოდა მთავრობის ადმინისტრაციაში, მე ვკითხულობდი, ვეცნობოდი და შემდეგ ვახსენებდი საქართველოს პრემიერს.

ოფიციალურად ინფორმაცია ამის შესახებ არ შემოსულა. ვერაფერს ვერ გეტყვით მე დადასტურებულად. მე არ ვარ საქართველოს პროკურორი, რომ გაგცეთ პასუხი, რატომ არ იბარებენ (მამუკა ბახტაძეს). ალბათ, დაიბარებენ. მე ვერ დავადასტურებ, ჰქონდა თუ არა სატელეფონო საუბარი, ან ცალკე შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან გახარიას. მე გითხარით ოფიციალურად, ჩემი მონაწილეობით არ ყოფილა. დანარჩენზე მამუკა ბახტაძემ უნდა გაგცეთ პასუხი", - განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

***

2019 წლის აგვისტოში სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგო გაიხსნა, რის შემდეგაც, მოძრაობა ძალა ერთობაშია საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების გადმოსვლის შესახებ იუწყებოდა.

იმავე კვირების განმავლობაში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ძალებმა მათ მიერვე დადგენილი საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთეს და სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე ბორდერიზაციის სხვადასხვა ნიშნები განათავსეს.

ქართული ოცნება ამას იმ დროინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას ედავება და ბრალს სდებს, რომ მან თვითონებურად გახსნა ჩორჩანაში საგუშაგო, რამაც ვითარების დაძაბვა გამოიწვია.

ქართული ოცნება ამ საკითხს ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატის თეა წულუკიანის მიერ შექმნილი ე.წ. საგამოძიებო კომისიის ფორმატშიც სწავლობს.

პროკურატურის თანახმად, ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს შემდეგ ფაქტებზე:

  • დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობა
  • უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებ
  • საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზება

პროკურატურა აცხადებს, რომ შესწავლის საგანს წარმოადგენს "2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება".