კადიროვი უკრაინის დაზვერვას მიმართავს, მეგობრის, ადამ დელიმხანოვის მოძებნაში დაეხმარონ

კადიროვი უკრაინის დაზვერვას მიმართავს, მეგობრის, ადამ დელიმხანოვის მოძებნაში დაეხმარონ

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი რამზან კადიროვი უკრაინის დაზვერვას მიმართავს, რომ მისი მეგობრის, რუსეთის დუმის დეპუტატის, ადამ დელიმხანოვის მოძებნაში დაეხმარონ, რომელიც უკრაინაში ფრონტზე იმყოდებოდა. ჩეჩენი პოლიტიკოსი რამზან კადიროვის მარჯვენა ხელად მიიჩნევა.

რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიაში განაცხადეს, რომ ადამ დელიმხანოვი დაჭრილია. მანამდე ინტერნეტში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დელიმხანოვი უკრაინულმა სპეცრაზმმა მოკლა.

დაჭრის შესახებ ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არხმა "ზვეზდამ" პარტიაზე დაყრდნობით გაავრცელა. შეტყობინებაში არაა აღნიშნული, სად და რა ვითარებაში დაიჭრა დუმის დეპუტატი, არც ისაა აღნიშნული, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

14 ივნისს ტელეგრამ არხზე ჩეჩნეთის ლიდერმა დაწერა, რომ დელიმხანოვს ვერ უკავშირდება. თავის ანგარიშზე კადიროვი უკრაინის დაზვერვას მიმართავს და ჯილდოსაც ჰპირდება.

"ვერაფრით ვერ გავდივარ ადამ დელიმხანოვზე. კავშირზე არ გამოდის. ვთხოვ უკრაინულ დაზვერვას ინფორმაციას იმის შესახებ, ზუსტად რომელ ადგილას და რა პოზიციებზე მოხდა დარტყმა, რათა საბოლოოდ ვიპოვო ჩემი ძვირფასი ძმა. გპირდებით გულუხვ ჯილდოს და ძალიან გთხოვთ დახმარებას", - დაწერა კადიროვმა.

13 ივნისს კადიროვი წერდა, რომ მისი დავალებით დელიმხანოვი ბელგოროდის ოლქის გუბერნატორს, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და როსგვარდიის რეგიონულ ხელმძღვანელებს შეხვდა.

ამასთან, დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ ტელეფონით საუბრა დელიმხანოვს და ის "ცოცხალია და ჯანმრთელადაა".

53 წლის დელიმხანოვი, სხვადასხვა მონაცემით, კადიროვის გარე ბიძაშვილია. ის რამზან კადიროვის მამის, ახმატ კადიროვის უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა. ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირის გამო დუმის დეპუტატი 2014 წლიდან აშშ-ის სანქციების ქვეშაა. მის სახელს უკავშირდება რამდენიმე ხმაურიანი საქმე. მისი ძმა, რუსეთის გმირის წოდების მქონე რუსლან იამადაევი, რომელიც კადიროვის მეტოქედ მიიჩნეოდა, მოსკოვში 2008 წელს მოკლეს.

თვითონ დელიმხანოვმა რუსეთის გმირის წოდება 2022 წლის აპრილში მიიღო, მას შემდეგ, რაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქი მარიუპოლი აიღეს.