ბოლო დღეებში, პროდასავლური ოპოზიციური პარტიების შესაძლო კონფიგურაციასთან დაკავშირებით დისკუსიისას, არაერთხელ იქნა მოშველიებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მონაცემები. კვლევა მოიხსენიება როგორც "არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული". ამავდროულად, მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა კვლევის ინტერპრეტირებული და, ზოგიერთ შემთხვევაში, არსებითად არასწორი მონაცემები.
კვლევა სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ მომზადდა. კვლევა მიზნად ისახავდა წინასაარჩევნო პროცესში საზოგადოებრივი განწყობების შესახებ ინფორმაციის მოგროვებას, ანალიზს, და გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებული მხარეებისთვის სანდო ინფორმაციის მიწოდებას.
ვიმედოვნებთ, რომ ამ გზით მნიშვნელოვნად დავეხმარებით საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს საკუთარი ევროპული მისწრაფებების რეალიზებაში და თავიდან მაქსიმალურად ავიცილებთ პროდასავლური ამომრჩევლის ხმის დაკარგვას. ვფიქრობდით და ვფიქრობთ, რომ კვლევის შედეგები გამოყენებული უნდა იქნას დაინტერესებული მხარეების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და არა საარჩევნო კამპანიის წარმოებისას არგუმენტად.
რაც შეეხება კვლევის მეთოდოლოგიას:
- კვლევის ტიპი: რაოდენობრივი კვლევა;
- სამიზნე ჯგუფი: საქართველოს სრულწლოვანი (18+) მოსახლეობა;
- შერჩევით ერთობლიობა: 2000 რესპონდენტი;
- მეთოდი: პირისპირ ინტერვიუ;
- შერჩევის ცდომილება: ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით.
კვლევის ძირითადი მიგნებები მოკლედ:
ა) საქართველოში არსებული ხელისუფლების ცვლილებას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა;
ბ) საქართველოში პროდასავლური ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა ჯამი არსებითად აღემატება ქართული ოცნების მხარდამჭერთა რაოდენობას;
გ) პროდასავლური ოპოზიციური ამომრჩევლის სრული უმრავლესობა მხარს უჭერს პროდასავლური ოპოზიციური პარტიების ამა თუ იმ ფორმით გაერთიანებას, რათა არ დაიკარგოს პროდასავლური ხმები;
დ) პროდასავლური ოპოზიციური პარტიების სხვადასხვა კომბინაციით გაერთიანების გარეშე იკარგება პროდასავლური ამომრჩევლის ხმების ის რაოდენობა, რომელიც ქართულ ოცნებას საშუალებას მისცემს გაიმარჯვოს არჩევნებში. შესაბამისად, იმ პროდასავლური ოპოზიციური პარტიების არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა, რომლებიც ვერ ლახავენ ბარიერს, მხოლოდ ქართულ ოცნებას დაეხმარება;
ე) პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიათა გაერთიანებების (გამსხვილებების) შესაძლო სცენარები ამომრჩეველთა მხარდაჭერის კუთხით არსებით განსხვავებებს არ აჩვენებს. შესაბამისად, პროდასავლურმა პარტიებმა თავად უნდა იპოვონ მათთვის ოპტიმალური გადაჯგუფება.
ჩვენ, ჩვენი საქმიანობით, კვლავ გავაგრძელებთ საქართველოში დემოკრატიისა და ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდაჭერას.
წერს სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი. კვლევა საჯაროდ გამოქვეყნებული არ არის.