თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი, რესპუბლიკელი ჯონ ბოლტონი ამერიკის ხმის ქართულ რედაქციასთან საუბრისას საქართველოს მთავრობის ზოგიერთ ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებას "არასწორს, სამწუხაროსა და საზიანოს" უწოდებს.
ჯონ ბოლტონს საქართველო-აშშ-ის ბოლოდროინდელ ურთიერთობებზე ჰკითხეს, რაზეც მან თქვა, რომ "ამ მომენტში ურთიერთობები არ არის საუკეთესო ფორმაში". ის მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკასთან დაკავშირებით "პრობლემებია".
"ცხადია, ამ მომენტში ურთიერთობები არ არის საუკეთესო ფორმაში და ვფიქრობ მართალია, რომ საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება იყო არასწორი, სამწუხარო და საზიანო. მიმაჩნია, რომ როდესაც მეგობრებს შორის უთანხმოებაა, უმჯობესია ეს უთანხმოება არასაჯარო იყოს. იმედი მაქვს, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ხედავს რა ხდება და აცნობიერებს, რომ ეს შეიძლება გაუარესდეს და ეს საქართველოს უფრო დაუცველ მდგომარეობაში დატოვებს.
გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოს ადგილი არ შეიძლება იყოს სხვაგან, გარდა ნატოსა და დასავლური სამყაროსი. ეს არის საქართველოს რეალობა. 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში საბჭოთა კავშირში ყოფნის სამწუხარო გარემოებამ, ქართველი ხალხი ამისგან არ უნდა დააშოროს. ჩვენ არ უნდა დავუშვათ რუსულმა კავშირებმა, საქართველოში ან სომხეთსა თუ აზერბაიჯანში, კავკასიის რომელიმე ქვეყანაში, მათი არა საბჭოთა კავშირში, მაგრამ რუსეთის იმპერიაში დაბრუნება გამოიწვიოს.
ასე რომ, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკასთან დაკავშირებით პრობლემები არის, ეს ეჭვგარეშეა. მაგრამ, მე ამ პრობლემებთან დამაკმაყოფილებელ გამკლავებას, დახურულ კარს მიღმა ვარჩევდი", - აცხადებს ის.
ამერიკის ხმის ჟურნალისტმა მას ასევე ჰკითხა, აშშ-ის ადმინისტრაციაში ცვლილებების შემთხვევაში, ფიქრობს თუ არა, რომ საქართველოს მიმართ ამჟამინდელი პოლიტიკა გადაიხედება, მათ შორის ის ნაბიჯები, რომლებიც სახელმწიფო დეპარტამენტმა შემოიღო, რაც მათ შორის, საქართველოსთან თანამშრომლობის გადახედვას გულისხმობს.
კითხვაზე პასუხისას ჯონ ბოლტონმა დონალდ ტრამპის პოლიტიკაზე ისაუბრა რუსეთთან ურთიერთობების ჭრილში და თქვა, რომ წინ, პოტენციურად, ძალიან საშიში პერიოდია.
"თუ გავითვალისწინებთ ვლადიმირ პუტინთან დონალდ ტრამპის ურთიერთობას, ძალიან მაწუხებს, რომ საქართველოში რუსეთის გავლენის გაზრდას ის უფრო დიდი კეთილგანწყობით შეხედავს, რაც ვფიქრობ ძალიან არასასურველია. ეს მაწუხებს. გახსოვდეთ, ტრამპმა ისტორიისა და გეოგრაფიის შესახებ ბევრი არაფერი იცის. ერთხელ, მან თეთრი სახლის მაშინდელ აპარატის უფროს ჰკითხა, იყო თუ არა ფინეთი ისევ რუსეთის ნაწილი. ის მიდრეკილია იმის მიმართ, თუ რას იტყვის ვლადიმირ პუტინი რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობაზე და ის შეიძლება რუსეთის მხარეზე გამოვიდეს. ასე რომ, ვფიქრობ წინ, პოტენციურად, ძალიან საშიში პერიოდია", - თქვა მან.
დამაზუსტებელ შეკითხვაზე დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში საქართველოსთან ურთიერთობებთან დაკავშირებით ჯონ ბოლტონმა გაიმეორა, რომ 2022 წლის უკრაინაში რუსეთის შეჭრამ "მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ტრამპის აზროვნებაზე და ამან ის პუტინთან დააახლოვა".
"შეიძლება ამის გაგება რთული იყოს, ვერ ავხსნი რატომ, მაგრამ ვღელავ უკრაინაზე, ვღელავ საქართველოზე და მაწუხებს საბჭოთა კავშირის ყველა ყოფილი ნაწილის ბედი, თუ ტრამპს ხელახლა აირჩევენ", - აღნიშნა მან.
ამერიკის ხმის ჟურნალისტმა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილ მრჩეველს საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზეც ჰკითხა, რაზეც მან თქვა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებით, "ვერ ხედავს რაიმე რეალურ სარგებელს საქართველოსთვის".
"მე ვერ ვხედავ რაიმე რეალურ სარგებელს საქართველოსთვის. არ ვიცი, რატომ შეიძლება სურდეს საქართველოს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა. როდესაც კავკასიას ვსტუმრობდი, 2019 წელს, როცა თეთრ სახლში ვიყავი, ამ საკითხზე ჩვენ გვქონდა საუბარი [საქართველოს] მაშინდელ ხელისუფლებასთან.
მას შემდეგ აშკარაა, რომ რუსეთ-ჩინეთის ახალი ღერძი, ცივი ომის დროს, ჩინეთისა და საბჭოთა კავშირის ალიანსს გვახსენებს. საქართველოს უკვე აქვს საზღვარი რუსეთთან და ფაქტობრივად, უკრაინის ომის გამო რუსეთში ჩინეთის გავლენის გათვალისწინებით, საქართველო ძალიან ახლოსაა საზღვარი ჰქონდეს ჩინეთთანაც. ეს არ არის საზღვარი, რომლის ქონაც შეიძლება თქვენ გსურდეთ. ჰკითხეთ ქვეყნებს, რომლებსაც არ შეუძლიათ ჩინეთის გეოგრაფიულად დაშორდნენ, როგორიცაა ინდოეთი და ვიეტნამი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები.
ასე რომ, ვფიქრობ, ეს უბრალოდ ხაზს უსვამს, რომ ჩინეთი, "სარტყელისა და გზის" ინიციატივის, სესხის დიპლომატიის და გულწრფელად რომ ვთქვა, აშკარა კორუფციის გზით, საქართველოს მსგავსი ქვეყნების სტრატეგიულ ურთიერთობაში მიზიდვას ცდილობს. ეს საქართველოსთვის კარგ შედეგს ვერ გამოიღებს", - ამბობს ჯონ ბოლტონი.