ჯო უილსონი: ივანიშვილის რეჟიმს მოჩვენებითი ლეგიტიმაციაც კი არ უნდა მიენიჭოს

ჯო უილსონი: ივანიშვილის რეჟიმს მოჩვენებითი ლეგიტიმაციაც კი არ უნდა მიენიჭოს

რესპუბლიკელი კონგრესმენი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პია კაუმას საქართველოში ვიზიტის გაუქმების გამო მადლობას უხდის.

"ივანიშვილის რეჟიმს მოჩვენებითი ლეგიტიმაციაც კი არ უნდა მიენიჭოს. საქართველოს სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები!", - წერს ჯო უილსონი X-ზე.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ საქართველოში ვიზიტი გააუქმა.

"დისკუსიებისა და მჭიდრო განხილვის შემდეგ, გადავწყვიტე გადავდო ჩემი ვიზიტი საქართველოში იმ დრომდე, ვიდრე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა მეტად ეფექტური იქნება. ჩვენ მზად ვართ, მოვუსმინოთ ყველა ხმას და შევთავაზოთ დახმარება ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში", - დაწერა მან.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პია კაუმას დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 8-10 იანვარს იყო დაგეგმილი.

მას შემდეგ, რაც ვიზიტის შესახებ გახდა ცნობილი, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ოპოზიციურმა კოალიციებმა, ასევე საერთაშორისო პარტნიორებმა პია კაუმას მიმართეს და ვიზიტის გადადება სთხოვეს.

3 ოპოზიციური კოალიცია აცხადებდა, რომ ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ვიზიტის გადადება საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, ვიდრე რეჟიმი არ აიღებს ვალდებულებას ახალი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართ.

ამასთან, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ ჯო უილსონმაც მოუწოდა, რომ ამ ეტაპზე თბილისში არ ჩავიდეს.