ჯაფარიძე: ნავალნის დაღუპვა აჩვენებს, თუ რაოდენ ბრუტალურია დღევანდელი რუსული რეჟიმი

ჯაფარიძე: ნავალნის დაღუპვა აჩვენებს, თუ რაოდენ ბრუტალურია დღევანდელი რუსული რეჟიმი

ლელო - საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ციხეში დაღუპვა კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რაოდენ ბრუტალურია დღევანდელი რუსული რეჟიმი. ამის შესახებ მან გადაცემა ფორმულას დღეში ისაუბრა.

ჯაფარიძის თქმით, რუსეთში ცვლილებების დრო ნამდვილად დადგება, თუმცა ახლა მცდელობები, რომ მოსახლეობამ ალტერნატივა დაინახოს, კრემლის მხრიდან სასტიკ დასჯას დაექვემდებარება.

"ნავალნის დაღუპვა აჩვენებს კიდევ ერთხელ, თუ რაოდენ ბრუტალურია დღევანდელი რუსული რეჟიმი, რომლისთვისაც ადამიანის სიცოცხლე არაფერს არ წარმოადგენს. ჩვენ ვხედავთ, როგორ ეპყრობა პუტინი მის თანამოქალაქეებს, რომლებსაც აგზავნის სიკვდილზე უკრაინაში, ასობით ათასი უკვე დაიღუპა უკრაინაში რუსეთის მოქალაქე, რომელიც ეწირება პუტინის აგრესიულ მიზნებს და მისთვის ადამიანის სიცოცხლე ნამდვილად აბსოლუტურად არანაირი ღირებულების მქონე არ არის.

ნავალნი გამორჩეული სიმამაცის ადამიანი აღმოჩნდა. ის პრაქტიკულად გერმანიიდან დაბრუნდა გარანტირებულ სიკვდილზე რუსეთში, მაგრამ მან გამოაჩინა თავისი სიმამაცე, თავშეწირვა და ეს ძალიან დასაფასებელია, ეს არის გამორჩეული თვისება და ამ მხრივ, მისი ეს თავშეწირვა არ შეიძლება დარჩეს ყოველგვარი კვალის გარეშე. დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან რუსეთში იქნება ცვლილებები, ეს გარდაუვალია. კი, დღეს პუტინის რეჟიმი პირდაპირ ანადგურებს თავის ოპონენტებს, ფიზიკურად ანადგურებს, მაგრამ წარსულიდან გამომდინარე, წარსული ისტორიული გაკვეთილებიდან გამომდინარე, ასეთი ტიპის მმართველები ვერ ახერხებენ ცვლილებების საბოლოო ჯამში შეკავებას და ეს ცვლილებები აუცილებლად დადგება.

მაგრამ დღეს იმდენად რკინის ხელში უკავია რუსეთის ფედერაციის კონტროლი, რომ ამ წუთას ნებისმიერი მცდელობა, რომ რაღაც ალტერნატივა დაინახოს მოსახლეობამ, ნებისმიერი მცდელობა ხვდება კრემლის მხრიდან სასტიკ დასჯას და ჩვენ ვნახეთ, კიდევ ერთი მსხვერპლი რუსეთის ბრუტალური რეჟიმის ნავალნის სახით", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

***

რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონული სამმართველო იუწყება, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა.

ნავალნი 47 წლის იყო.

უწყებაში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს: "გარდაცვალების მიზეზი დგინდება".

კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია.

დეკემბერში ალექსეი ნავალნი განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს, რომ პოლარული წრის მიღმა მდებარეობს.

ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, როდესაც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა, სადაც მოწამვლის შემდეგ მკურნალობას გადიოდა. მაშინ ივ როშეს საქმეზე პოლიტიკოსს პირობითი მსჯავრი რეალურით შეუცვალეს.

2022 წელს სასამართლომ ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის თაღლითობაში დაადანაშაულა. 2023 წლის აგვისტოს ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე ნავალნის 19 წელი მიუსაჯეს. თავდაპირველად ნავალნი ვლადიმირის ოლქის ციხეში იმყოფებოდა. გასული წლის დეკემბერში კი მისი ეტაპირება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდა.

ეატპირების პერიოდში ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები და ადვოკატები 20 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ, 25 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ახალ ციხეში გადაიყვანეს.

3 კოლონიაში, რომელსაც "პოლარულ მგელსაც" უწოდებენ და სადაც ახლა ნავალნი იყო მოთავსებული, იმყოფებოდნენ YUKOS-ის ერთ-ერთი თანამფლობელი პლატონ ლებედევი, ასევე უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი.

აღნიშნულ ციხეში პირობები საკმაოდ მკაცრია, მისვლაც საკმაოდ რთულია და წერილების მიწოდებაც გართულებულია.