ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და ირწმუნება, რომ ენმ-ში "მიმდინარე დაპირისპირება ხელს შეუწყობს საარჩევნო შედეგების სათანადო წარმოდგენას 2024 წელს".
კობახიძეს ლევან ხაბეიშვილის გუშინდელ განცხადებაზე ჰკითხეს, როდესაც მან ვარდების რევოლუციის 20 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიება დააანონსა და პარტიის შიგნით საკითხების განხილვაზე ისაუბრა, რაზეც კობახიძემ უპასუხა: "ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ".
"ამაზე მარტივი პასუხია - ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ, რაც უნდათ, ის უქნიათ. მთავარია ჩვენთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაგრძელდეს ეს დაპირისპირება ნაცმოძრაობის შიგნით, ეს ხელს შეუწყობს საარჩევნო შედეგების სათანადოდ წარმოდგენას 2024 წელს. ეს პროცესები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს ნაცმოძრაობაში", - ამბობს კობახიძე.
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ტვ პირველის ეთერში თქვა, რომ 23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის 20 წლისთავთან ნაციონალურ მოძრაობაში დიდი შეკრება გაიმართება, რომელზეც ბევრი საკითხი განიხილება.
ლევან ხაბეიშვილს ჟურნალისტმა ჰკითხა, იქნება თუ არა 23 ნოემბერი პარტიაში ერთიანობის გამოვლინების დღე და "ვინც წასვლას აპირებენ - წავლენ, თუ დარჩებიან", რაზეც ლევან ხაბეიშვილმა უპასუხა: "თუ არადა, გავუშვებთ. კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღბ, ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი".