საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ საპატრიარქოს მოსაყდრე შიოს შესაძლო მოწამვლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ჯერ არ მიუმართავს.
როგორც ჯაღმაიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საგამოძიებო უწყებიდან საპატრიარქოს უკვე დაუკავშირდნენ, მაგრამ სასულიერო პირებს ამ ეტაპზე გამოძიების დაწყება არ სურთ, რადგან გარკვეულ საკითხებში "ჯერ თავად უნდა გაერკვნენ".
"ჯერ არ მიგვიმართავს. ჩვენ ეს თემა საჯარო მსჯელობის საკითხად არ გამოგვიტანია; არც ვაპირებდით, რადგან ჯერ გვინდოდა თავად გავრკვეულიყავით რასთან გვაქვს საქმე, იყო თუ არა სრულიად ყოფითი შემთხვევა... ზოგადად ნივთიერებები, რომელიც სისხლში აღმოაჩნდა, არის შემთხვევები რომ ეს გამოყენებულა, ადამიანის ... იყო ფაქტები და მაგალითები... უცხოეთიდან კვლევის შედეგებს ველოდებით... საგამოძიებო უწყება დაგვიკავშირდა, მაგრამ ჩვენ ჯერ არ გვითხოვია - თავი შევიკავეთ, იმიტომ რომ გვაქვს რაღაც ნიუანსები გასარკვევი; მაგალითად სამედიცინო ექსპერტიზა... მეუფე შიოს ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ნორმალური, ის არის შრომისუნარიანი", - ამბობს ჯაღმაიძე.
***
6 ივლისს ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიოს სისხლის ანალიზში გარკვეული ცვლილებები არის. ჯაღმაიძის ცნობით, ანალიზის მიხედვით, სისხლში მეტალების შემცველობა დაშვებულზე მეტი აღმოჩნდა.
მანამდე, 5 ივლისს მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეუფე შიოს მოწამვლა სცადეს.