ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და მას ანტიდემოკრატიულს უწოდებს.
4 ივლისს, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ანგარიშის წარდგენისას ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა:
"კონკრეტული მაღალი რანგის წარმომადგენლები რომ გვხვდებიან ჩვენ ევროკომისიიდან, გვეუბნებიან, რომ ევროპარლამენტარებს ნუ უსმენთ, მათი შეფასებები არ არის მნიშვნელოვანი, არ ექნება გავლენა კანდიდატის სტატუსზეო".
იუკნევიჩიენეს შეფასებით, ეს განცხადებაა გაკეთდა იმისათვის, რომ თავს დასხმოდნენ ევროპარლამენტს.
ფორმულას ეთერში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი მნიშვნელოვანი ინსტიტუტია და ასეთი განცხადებები საქართველოს ევროკავშირისკენ მისწრაფებებს აზიანებს.
ამასთან, ევროპარლამენტარმა თქვა, რომ ზოგჯერ უჩნდება კითხვა, რეალურად, სურს თუ არა ქართულ ოცნებას, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.
"ეს არის ძალიან ცუდი მიდგომა და ძალიან ცუდი განცხადება. არ ვფიქრობ, რომ ევროპული კომისიის წევრები ამ მიდგომას მიიღებენ. რა თქმა უნდა, მათ უნდა შეაფასონ ეს ყველაფერი და ევროპული კომისია, ისევე როგორც ყველა სხვა ინსტიტუტი არის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი. ისინი აკეთებენ შეფასებებს და თვალს ადევნებენ პროგრესს სხვადასხვა ქვეყნებში.[...]
თუ მხოლოდ და მხოლოდ ერთ ქვეყანას მიაქცევენ ყურადღებას, მაგალითად უნგრეთს, როგორც დღეს ვხედავთ, რომელიც მაინცდამაინც კარგი რეპუტაციის მქონე ქვეყანა არაა ევროკავშირში, ვფიქრობ, ეს არ იქნება კარგი მიდგომა ქართული ოცნების მხრიდან იმისათვის, რომ მიაღწიონ თავიანთ მიზნებს, თუკი საერთოდ აქვთ ეს მიზნები იმიტომ, რომ ზოგჯერ მიჩნდება კითხვა იმის შესახებ, თუ რამდენად სურს საერთოდ ქართულ ოცნებას იქცეს ევროპული ოჯახის წევრად?"- ამბობს იუკნევიჩიენე.