ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან საქართველოს ოთხი მოსამართლის სანქცირებას "მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს" უწოდებს.
როგორც იუკნევიჩიენემ ფორმულასთან საუბარისას თქვა, მნიშვნელოვანია, სანქციები დაუწესდეს - ბიძინა ივანიშვილს, რომელიც მისი თქმით, "ყველაფრის, მათ შორის, მართლმსაჯულების, მოსამართლეების, პოლიტიკური სისტემების უკანაა".
კითხვაზე, გაიზიარებს თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციებს ევროკავშირიც, იუკნევიჩიენე ამბობს, რომ "წინასწარ ვერაფერს იტყვის".
"ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი და მესიჯია სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან. ევროპულ პარლამენტს არა ერთხელ მოუთხოვია სანქციების დაწესება, მაგრამ საუბარია სანქციების დაწესებაზე ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონის მიმართ, რომელიც ყველაფრის უკანაა, მათ შორის მოსამართლეების, მართლმსაჯულების და პოლიტიკური სისტემების, ბუნებრივია, ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილს. მჯერა, რომ მოსამართლეების საქმე და ეს გადაწყვეტილება პროცესის დასაწყისია. რაც შეეხება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების გაზიარებას ევროკავშირში, ვნახოთ, ჯერჯერობით წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. აქ ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის ერთსულოვნებაა მნიშვნელოვანი", - ამბობს იუკნევიჩიენე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციისთვის სანქციები დაუწესა მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ მათ, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესმა წევრებმა, ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.
სანქცირებასთან დაკავშირებით აშშ აცხადებს, რომ ჰქონდათ სანდო ინფორმაცია, რის თანახმადაც, მოსამართლეები ბოროტად იყენებდნენ საჯარო თანამდებობას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობით. მათი თქმით, ეს აზიანებდა სასამართლო და საჯარო პროცესს, მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და ახდენდნენ მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირებას, პირადი სარგებლის მიღების მიზნით.
ამას გამოეხმაურა ერთ-ერთი სანქცირებული მოსამართლე, ლევან მურუსიძე და განაცხადა, რომ "არა უშავს". მისი თქმით, ამ ფაქტს "როგორმე გადაიტანს".
ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სასამართლო სისტემის პრობლემებზე მუდმივად საუბრობენ და მიუთითებენ, რომ არსებობს მოსამართლეთა ე.წ. კლანი, რომელთა წევრებად სწორედ აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირებს მოიაზრებენ. მათ არაერთხელ მოითხოვეს აღნიშნული მოსამართლეების პერსონალური სანქცირება.
ამ საკითხზე კომენტარი გაკეთებული აქვს ე.წ კლანის წევრს, ლევან მურუსიძესაც - მისი აზრით, ერთ-ერთი რიგითი მოსამართლეა, რომელიც საქმეებს იხილავს და პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს არ აკეთებს. რაც შეეხება სანქცირების შესახებ კითხვას, მურუსიძემ ამას თავის დროზე ლექსით უპასუხა.