ევროპარლამენტარის, რასა იუკნევიჩიანე აცხადებს, რომ უნგრეთის პრემიერმინისტრს, ვიქტორ ორბანს სურს, ბიძინა ივანიშვილი "თავის კონტაქტებში ჰყავდეს" და სწორედ ამიტომ უჭერს მხარს ღარიბაშვილსა და მის ხელისუფლებას. ამის შესახებ მან პოლიტმეტრში ისაუბრა.
"ლიდერებს, როგორიც არის ორბანი, სურს, რომ ჰყავდეს თავის კონტაქტებში ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არ არის ოფიციალური მმართველი საქართველოსი. ასეთი კამპანია სურს, ჰქონდეს ევროკავშირში, ამიტომ უჭერს პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს და მის არადემოკრატიულ მთავრობას მხარს", - განაცხადა მან.
ევროპარლამენტარის თქმით, საქართველოს ხელისუფლება რეფორმებს არ ატარებს და თუ ორბანი და ოცნება ერთ თამაშს ითამაშებენ, ისინი ევროპული სტრუქტურების "შანტაჟს მოახდენენ".
"მე ვხედავ მხოლოდ ერთ სცენას - თუ ორბანი და ქართული ოცნება ითამაშებს ერთ თამაშს, მოახდენენ შანტაჟს ევროპული კომისიისა და ევროპული საბჭოს სტრუქტურების, იმიტომ, რომ თქვენ იცით, რომ ევროპულ საბჭოში ყველა ქვეყანა უნდა შეთანხმდეს, იქ არსებობს ვეტოს უფლება. ერთხმად უნდა მოხდეს, უმრავლესობის ხმაც კი არ არის მისაღები, ყველა უნდა შეთანხმდეს. ღარიბაშვილი და მისი ხელისუფლება რეფორმებს არ აწარმოებენ. არ სურთ დემოკრატიული ქვეყანა. ეს გახლავთ ერთადერთი გზა, შენარჩუნდეს იგივე ტიპის ხელისუფლება, შემდეგი ვადით. მაგრამ ისინი იყენებენ ევროკავშირის წესებს და ფიქრობენ, რომ ერთი წევრი ევროკავშირისა, უნგრეთი, თავისი ლიდერით, ორბანი, შეძლებს, რაღაც გარიგებაში შევიდეს მათთან, მაგრამ ეს არ არის კარგი ევროკავშირისთვის", - ამბობს ის.
დამაზუსტებელ კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ორბანი ევროკავშირის ქვეყნებს შესაძლოა, მნიშვნელოვანი საკითხების დაბლოკვით დაემუქროს, თუ საქართველოს სტატუსს არ მისცემენ, იუკნევიჩიანე ამბობს:
"შესაძლებელია, ზუსტად ვერ გეტყვით, ასეთი სცენარი თუ გათამაშდება, მე არ ვიცი, თუ მიდის მოლაპარაკებები ან დებატები მსგავს საკითხებზე, ჩვენ ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ რასაც ვუყურებთ და რასაც ვისმენთ, რაც ვიცით წარსულიდან, ჩვენ ვხედავდით, თუ რა ურთიერთობები ჩამოყალიბდა ორბანსა და ქართული ოცნების მთავრობას შორის, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის ერთადერთი გზა, რომ საქართველომ მიიღოს სტატუსი, ოღონდ ეს არ მოხდება რეფორმების ხარჯზე", - აღნიშნა მან.