ისტორიაში პირველად გაეროს საერთაშორისო სასამართლოში რუსეთს წარმომადგენელი არ ეყოლება. ეს 1946 წლიდან პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთის წარმომადგენელი არ აირჩიეს.
კენჭისყრაში ხმა მისცეს ავსტრალიის, მექსიკის, სამხრეთ აფრიკას, რუმინეთსა და ამერიკის წარმომადგენლებს.
"გაერომ რუსეთის ბოროტული გავლენისგან გაწმენდა დაიწყო. პირველად ისტორიაში გაეროს წევრმა ქვეყნებმა უარი თქვეს რუსეთზე და იმაზე, რომ რუსეთმა მათი სახელით საერთაშორისო სასამართლოში გადაწყვეტილებები მიიღოს. მსოფლიო ხედავს ვინ ანადგურებს საერთაშორისო სამართალს და არ იცავს მას. ვულოცავთ ავსტრალიის, მექსიკის, სამხრეთ აფრიკის, რუმინეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს გამარჯვებას გაეროს საერთაშორისო სასამართლოს არჩევნებში", - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Twitter-ზე.
უშიშროების საბჭოს ხუთივე ტურში რუსეთმა 5-6 ხმაზე მეტის მოგროვება ვერ შეძლო, მაშინ როდესაც აშშ-მა 12-14 ხმა მოაგროვა.
*საერთაშორისო სასამართლო - გაეროს მთავარი სამართლებრივი ორგანოა, რომელიც ქალაქ ჰააგაში (ნიდერლანდები) მდებარეობს. სასამართლოს აქვს შესაძლებლობა, საერთაშორისო სამართლის პრინციპების გათვალისწინებით, განიხილოს სახელმწიფოთაშორისი სამართლებრივი დავები, ასევე, მის კომპეტენციაში შედის მისცეს სამართლებრივი შეფასებები იმ საკითხებს, რომლებიც გაერთიანებული ერების სხვა ორგანოებისა და სპეციალური სააგენტოების მიერ იქნება განსახილველად ინიციირებული. გაეროს საერთაშორისო სასამართლო შედგება 15 მოსამართლისგან, რომლებიც 9 წლის ვადით არიან არჩეულნი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე და გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ.