ისრაელსა და ჰამასს შორის მძევლებზე შეთანხმება ორი დღით გახანგრძლივდება. ინფორმაციას კატარის საგარეო უწყება სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც CNN წერს, განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კატარის პრემიერმინისტრს ესაუბრა.
ამ ეტაპზე, ისრაელის მთავრობას ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
თავდაპირველი შეთანხმება 4 დღეს მოიცავდა და ქალების, ბავშვების გათავისუფლებას, ასევე, დროებით ცეცხლის შეწყვეტას გულისხმობდა - ის კატარის შუამავლობით შედგა. ისრაელი და აშშ მიიჩნევენ, რომ ჰამასს მძევლად 50-ზე მეტი ქალი და ბავშვი ჰყავს.
შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, ჰამასმა 58 მძევალი გაათავისუფლა, სანაცვლოდ ისრაელმა ტერორისტულ დაჯგუფებას 117 პალესტინელი პატიმარი გადასცა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ჰამასმა მძევლად, დაახლოებით, 240 ადამიანი აიყვანა, თუმცა დიპლომატიური წყაროები CNN-ს ეუბნებიან, რომ 40-ზე მეტი ადამიანი, შესაძლოა, სხვა ჯგუფებს ჰყავდეთ დატყვევებული.
ისრაელსა და ჰამასს შორის დადებული შეთანხმება კი გულისხმობს ჰამასის მიერ მძევლების გათავისუფლებას, ამიტომ უცნობია, შეთანხმების გახანგრძლივების შემთხვევაში, მოხერხდება თუ არა დამატებითი მძევლების პოვნა.