
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა შეცდომა იყო და არ გამორიცხავს, რომ მისი გუნდი ივანიშვილის პარლამენტში დაბრუნდეს.
ამის შესახებ მან ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, პარტიისთვის განკუთვნილ 12 მანდატთან დაკავშირებით პარტიის პოლიტსაბჭო ადგილობრივი არჩევნების შემდეგ იმსჯელებს, ხოლო გადაწყვეტილება საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოსთან იქნება დაკავშირებული.
"პოლიტიკურ ბოიკოტში არაფერი შეცვლილა. ჩვენ უბრალოდ, დღეს, ძალიან აქტიურად ვართ მუნიციპალური არჩევნების პროცესში და ამისთვის არ გვცალია. ამიტომ, გადაწყვეტილება, თუ რაიმე შეიცვალა პოლიტიკურ ბოიკოტთან დაკავშირებით, ამ 12 მანდატთან დაკავშირებით, ამაზე იმსჯელებს პოლიტსაბჭო, დიდი ალბათობით, მუნიციპალური არჩევნების შემდგომ და ეს გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, იქნება საჯარო.
დღეის მონაცემებით, პოლიტიკურ ბოიკოტთან დაკავშირებით ჩვენ უბრალოდ არ ვცვლით პოზიციას იმიტომ, რომ ამის დრო არ არის. ახლა ყველანი ვართ მუნიციპალური არჩევნების პროცესში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის და ქვეყნისთვის. არაფერს გამოვრიცხავ. ეს პირდაპირ იქნება დაკავშირებული იმ პოლიტიკურ გარემოსთან, რომელიც იქნება ქვეყანაში მუნიციპალური არჩევნების შემდეგ.
მე არ ვთვლი, რომ ბოიკოტი არის და გამომდინარეობს საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან. მე, დღეს, გულწრფელად გეუბნებით, რომ ვთვლი, საპარლამენტო მანდატების არ გამოყენება, ეს იყო შეცდომა. ჩვენ, ამ შეცდომის გამოსწორების პატარა რესურსი გვაქვს დარჩენილი, შევძლებთ ამის გამოყენებას, თუ ვერ შევძლებთ, ეს პირდაპირ იქნება დამოკიდებული იმ პოლიტიკურ გარემოსთან, რომელიც შეიქმნება ქვეყანაში მუნიციპალური არჩევნების შემდეგ", - განაცხადა გახარიამ.