
დღეს საქართველოში გვაქვს 19 სახელმწიფო და 45 კერძო უნივერსიტეტი და თითოეული მათგანი გასცემს თანაბარი სტატუსისა და თანაბარი რანგის დიპლომებს, თუმცა გამომდინარე ხარისხის უთანაბრობიდან სწავლებაში, თავისი არსით ამ დიპლომების ხარისხიც არის არათანაბარი, რაც საჭიროებს გამოსწორებას, – ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.
„როდესაც სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას გაცემულ დიპლომზე, მან უნდა უზრუნველყოს ამ დიპლომის თვისებრივი შინაარსობრივი თანასწორობაც, რაც დღეს უზრუნველყოფილი არ არის და ვფიქრობთ, რომ ესეც არის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა.
ასევე, ინფრასტრუქტურული და საკადრო რესურსებიც არ არის ოპტიმალურად გამოყენებული. დედაქალაქში ხშირია ფაკულტეტების დუბლირება, რაც ვფიქრობთ, რომ არის ერთ-ერთი გამოწვევა და ერთ-ერთი პრობლემა. მაგალითისთვის, თბილისი რომ ავიღოთ, თბილისში ოთხი სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებს იურიდიული ფაკულტეტები, ასეთ პირობებში ისედაც მწირია რესურსი, მათ შორის საკადრო, ინფრასტრუქტურული რესურსი. ასეთ პირობებში, მაგალითად, რომ ავიღოთ განვითარებული ქვეყნები ძალიან ხანგრძლივი აკადემიური ტრადიციებით, იქაც კი უჭირთ ერთ ქალაქში ერთზე მეტ სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთისა და იმავე ფაკულტეტის არსებობა. ჩვენს შემთხვევაში ამას არავითარი რაციონალური გამართლება არ აქვს. ვფიქრობთ, რომ ამ პრობლემასაც უნდა შევხედოთ სათანადოდ და ეს ყველაფერი საჭიროებს გამოსწორებას.
ასევე არის ცალკეული სახელმწიფო უნივერსიტეტები, სადაც ჭარბად არიან მოზიდული უცხოელი სტუდენტები. რეალურად, სახელმწიფო უნივერსიტეტების მთავარი ამოცანა უნდა იყოს სახელმწიფო ამოცანების შესრულება და ქართველი სტუდენტების მომზადება ჩვენი შრომის ბაზრისთვის. ასეთ დროს არის ცალკეული უნივერსიტეტები, რომლებიც უფრო მეტად ორიენტირებული არიან მოგებაზე, რაც არის არსებითად ბიზნესის და არა სახელმწიფო სექტორის საქმე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონკრეტული პრინციპი უნდა იყოს დანერგილი საუნივერსიტეტო სისტემაში, ბიზნესი უნდა აკეთოს კერძო სექტორმა, ანუ კერძო უნივერსიტეტებმა და სახელმწიფო ამოცანების შესრულება – სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებმა, ანუ სახელმწიფო უნივერსიტეტებმა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.