ისრაელმა ღაზის სექტორს წყლის მიწოდება გაუზარდა - გაიხსნა მეორე წყალსადენიც

ისრაელმა ღაზის სექტორს წყლის მიწოდება გაუზარდა - გაიხსნა მეორე წყალსადენიც

ისრაელმა სამი არსებული წყალსადენიდან მეორე წყალსადენიც გახსნა, რომელიც ღაზის სექტორს წყლით ამარაგებს - ეს ნიშნავს, რომ ღაზის მოსახლეობა 28.5 მილიონ ლიტრ წყალს მიიღებს ყოველდღიურად. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალების პოლკოვნიკი, ელად გორენი ავრცელებს.

გორენი ამბობს, რომ მეორე წყალსადენით მიღებული წყლის რაოდენობა წყლის საერთო რაოდენობის ნახევარს შეადგენს ( დაახლოებით 49 მილიონი ლიტრი), რომელსაც ისრაელი ღაზას 7 ოქტომბრის თავდასხმამდე აწვდიდა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ღაზის სექტორს საკმარისი რაოდენობის წყალი მიეწოდება, რათა მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებები იყოს უზრუნველყოფილი - გორენი აღნიშნავს, რომ ადგილობრივებს არ აქვთ არც სასმელი წყლის და არც საკვების დანაკლისი.

IDF-ის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ჰუმანიტარული დახმარება უახლოეს კვირებში საგრძნობლად გაიზრდება.

*ისრაელმა ღაზის სექტორს წყალმომარაგება 9 ოქტომბერს შეუზღუდა - ომის დაწყებამდე ისრაელის მიერ მიწოდებული წყალი 9%-ს შეადგენდა საერთო წყლის მოწოდების.

***

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.